ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საელჩო რუსეთში დაკავებულ ამერიკელ ინვესტორთან შეხვედრას ითხოვს


მოსკოვში მდებარე შეერთებული შტატების საელჩომ დღეს დაადასტურა, რომ ამერიკელი დიპლომატები შეერთებული შტატების მოქალაქე მაიკლ კალვეის სანახავად ჯერ კიდევ არ დაუშვეს. ამერიკელი ინვესტორი უკვე ერთი კვირაა მოსკოვში დააკავეს. ის "ბარინგ ვოსტოკის" საინვესტიციო ფონდის დამფუძნებელია.

რუსეთის პროკურატურამ კალვეის ბრალი ფორმალურად დღეს წაუყენა. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია-ნოვოსტი" იუწყება, რომ კალვეი 3 თანამშრომელთან ერთად, "ბარინგ ვოსტოკის" ფონდთან დაკავშირებული, ქონებრივი დავის გამო აიყვანეს. სულ ამ საქმესთან დაკავშირებით, 5 ადამიანია დაკავებული.

ოთხშაბათს, მოსკოვში შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის მეთაურმა "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ მაიკლ კალვეის მათი ადვოკატები ხვდებოდნენ. მაგრამ, ამერიკის მოქალაქესთან საელჩოს თანამშრომლებს ჯერ კიდევ არ უშვებენ.

ვენის საერთაშორისო კონვენციის თანახმად, დიპლომატებთან შეხვედრის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავებიდან 72 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს. ამერიკის მთავრობის წარმომადგენელს კი კალვეი უკვე ერთი კვირაა არ უნახავს.

მაიკლ კალვეი შეერთებული შტატების მეორე მოქალაქეა, რომელიც დეკემბრის შემდეგ დააკავეს. მანამდე მოსკოვმა პოლ უელანი, რუსეთში კერძო მიწვევით მყოფი, ყოფილი საზღვაო ქვეითი დააპატიმრა. უელანის ნახვა ამერიკის ელჩმა რუსეთში, ჯონ ჰანტსმანმა მხოლოდ 6 დღის შემდეგ შეძლო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG