როდესაც ამერიკელები 3 ნოემბერს საარჩევნო უბნებში მივლენ, ისინი ხმას არა მხოლოდ პრეზიდენტს და კანონმდებლებს მისცემენ, არამედ მათ მოუწევთ არჩევანის გაკეთება საკითხების მთელ წყებაზე, საგადასახადო პოლიტიკიდან დაწყებული, მარიხუანასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დამთავრებული.
ასეთი ინიციატივები, რასაც რეფერენდუმსაც უწოდებენ, 32 შტატის საარჩევნო ბიულეტენებშია დართული და ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს საკუთარი პოზიცია გამოხატოს ისეთ საკითხებზე, რომელიც ხშირად მათ ცხოვრებაზე უშუალო გავლენას ახდენს. ამაში შედის საცხოვრებლის ქირის კონტროლის კანონები, საშემოსავლო გადასახადების ოდენობა, თუ მინიმალური ხელფასი.
ქვეყნის მასშტაბით, ამ შემოდგომაზე ბიულეტენებში 120 შეთავაზებაა ჩართული. მათ შორის ყველაზე პოპულარული საკითხებია საარჩევნო წესები, გადასახადები და მარიხუანის ლეგალიზება.
ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძვირი ინიციატივაა კალიფორნიის წინადადება-22, რომელიც აპლიკაციაზე დაფუძნებულ ტაქსით მომსახურეთა შეღავათებს ეხება. “უბერი” და “ლიფტი” ცდილობენ ამ პლატფორმაზე მომუშავე მძღოლების დამოუკიდებელ კონტრაქტორებად კლასიფიკაცია მოხდეს და არ შეეხოს გასულ წელს მიღებული შტატის კანონი, რომელიც მძღოლებს ტრადიციულ თანამშრომლებს უთანაბრებს და ბიზნესის ამ მოდელს ამოტრიალებით ემუქრება. ამ ინიციატივის მხარდასაჭერად და მის საწინააღმდეგოდ დაახლოებით 200 მილიონი დოლარი დაიხარჯა. “უბერი” და “ლიფტი”, რომელთა ოფისები სან-ფრანცისკოშია, ამბობენ რომ ინიციატივის ჩავარდნის შემთხვევაში, კალიფორნიას დატოვებენ.
ვებ-გვერდ “ბალოტპედია.ორგ”-ის თანახმად, 10 ყველაზე ძვირადღირებული ინიციატივიდან, 8 კალიფორნიას აქვს.
ნოემბერში, მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხზე ხმას ოთხ შტატში, არიზონაში, მონტანაში, ნიუ-ჯერსიში და სამხრეთ დაკოტაში მისცემენ. ორი შტატი - სამხრეთ დაკოტა და მისისიპი - არჩევნებზე სამედიცინო მარიხუანის საკითხს გამოიტანს.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკითხი არჩევნების წესები და კანონები იქნება, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კამპანიის დაფინანსება, არჩევით თანამდებობაზე ყოფნის ვადების შეზღუდვა და საარჩევნო ხმის უფლება.
კალიფორნიაში ასევე სურთ გააუქმონ შტატის მიერ 1996 წლის რეფერენდუმით დაწესებული აკრძალვა კანონზე, რომელიც უმცირესობებს შეღავათებს და უპირატესობებს ანიჭებს. ახალი ინიციატივა საჯარო სააგენტოებს და სკოლებს დაუბრუნებს უფლებას, კვლავ გაითვალისწინონ რასა, ეროვნება და სქესი, როდესაც სკოლებში მიღების ან სამსახურში აყვანის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.
კიდევ ერთი ინიციატივა, რომელმაც ყურადღება მიიპყრო, ვაშინგტონის შტატის საჯარო სკოლებში სქესობრივი განათლების სავალდებულო შემოღებაა. ამ ინიციატივას დემოკრატები უჭერენ მხარს, რესპუბლიკელებს კი მიაჩნიათ, რომ ეს შტატის მხრიდან უხეშად ჩარევა იქნება და სექს-განათლების ზოგიერთი სასწავლო მასალა რელიგიურ სწავლებას ეწინააღმდეგება.
Facebook Forum