ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

FBI-ის დირექტორი აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობაზე საუბრობს


"გამოძიების ფედერალური ბიუროს" დირექტორმა ქრისტოფერ ვრეიმ კანონმდებლებს უთხრა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას. მისი თქმით, კრემლი ამას დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის საზიანოდ აკეთებს.

ვრეი პალატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის წინაშე წარდგა და კრემლის გავლენის ოპერაციებს, რომლებიც სოციალურ მედიაში, სახელმწიფოს მიერ მართულ მედიასა თუ სხვა საშუალებებით ვრცელდება, "ძალიან, ძალიან აქტიური" უწოდა. მისი თქმით, ამ გავლენის ოპერაციების მიზანი "ბაიდენის გასვრაა".

ქრისტოფერ ვრეიმ ეს განცხადება, ამგვარ აქტიურ წინასაარჩევნო პერიოდში პირველად გააკეთა. მანამდე, აგვისტოს დასაწყისში მსგავსი შეფასება გამოაქვეყნა ქვეყნის დაზვერვის ერთ-ერთმა წამყვანმა პირმა, უილიამ ევანინამ. მან უფრო მეტიც თქვა და განმარტა, რომ რუსეთთან დაკავშირებული აქტორები "ტრამპის კანდიდატურის მხარდაჭერას" ცდულობენ. თუმცა ურეის რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ეს არ უთქვამს.

პრეზიდენტი კი FBI-ის დირექტორის განცხადებას, ტრადიციულად, "ტვიტერზე" გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის როგორც ჩანს ვერ ხედავს, რომ რუსეთზე მეტი საფრთხე ჩინეთისგან არსებობს და ეს ორი ქვეყანა სხვებთან ერთად ნამდვილად მოახერხებს არჩევნებში ჩარევას ბიულეტენების გაყალბების გზით.

პრეზიდენტი უკვე დიდი ხანია თავს ესხმის ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის პროცედურას. მისი თქმით, ამ მხრივ ხმების გაყალბების საფრთხე არსებობს. თუმცა FBI-ის დირექტორი ამბობს, რომ ამგვარი ეჭვი თუ შიში უსაფუძვლოა.

"ამ დრომდე ჩვენ არ გვინახავს რომელიმე ეროვნული მასშტაბის არჩევნებში ხმების გაყალბების კოორდინირებული მცდელობა", - ამბობს ქრისტოფერ ურეი. ამავეს ადასტურებენ ჟურნალისტებთან საუბარში ამერიკის ძალოვანი უწყებების სხვა ლიდერებიც.

XS
SM
MD
LG