ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ფოსტით ხმის მიცემას შეუძლია დადებითი როლი ითამაშოს არჩევნებზე


ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემათან დაკავშირებით ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევა ამტკიცებს, რომ ფოსტით ხმის მიცემის შემთხვევაში საარჩევნო პროცესში ქაოსი არ შეიქმნება. პირიქით, შესაძლოა, იმაზე უკეთესიც აღმოჩნდეს, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობს.

ფოსტით ხმის მიცემა მას შემდეგ გახდა ქვეყანაში აქტუალური, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები უსაფრთხო აღარაა. ფოსტით ხმის მიცემის შემთხვევაში შტატები იმედოვნებენ, რომ ვირუსის გავრცელებას აიცილებენ თავიდან. თუმცა, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ფოსტით ხმის მიცემა არჩევნების გაყალბებას შეუწყობს ხელს და ეს უსამართლობა იქნება მისი და რესპუბლიკური პარტიის მიმართ.

პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორებმა ვირჯინიისა და ბრიგენ იანგის უნივერსიტეტებიდან, სწორედ ეს საკითხი შეისწავლეს და ჟურნალ "საინს ედნვასში" თავიანთი კვლევის შედეგები გამოქვეყნეს.

მკვლევრებმა დაამუშავეს მონაცემები 1992-იდან 2018 წლის ჩათვლით და მთელი ამერიკის მასშტაბით. მათ 40 მილიონზე მეტი საარჩევნო ჩანაწერი ნახეს იუტასა და ვაშინგტონის შტატებში. მკვლევრების მიზანი იყო ენახათ, თუ რა შეიცვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ ფოსტით ხმის მიცემა სავალდებულო გახდებოდა.

მათი კვლევა აჩვენებს, რომ ფოსტით ხმის მიცემას აქვს "ყველაზე მოკრძალებული გავლენა შედეგებზე", თუმცა "შეუძლებელია იმ ეფექტის გაზომვა" თუ რამდენით აჯობა ერთმა პარტიამ მეორეს ერთ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე.

მკვლევრები ამბობენ, რომ ფოსტით ხმის მიცემა წლების განმავლობაში ძველმოდურ ამომრჩევლებთან იყო დაკავშირებული. ამერიკის 6 შტატში, კორონავირუსის პანდემიამდეც არსებობდა, რაიმე ფორმით მაინც, ფოსტით ხმის მიცემა. ტეხასში ამას "მობოდიშების გარეშე ფოსტით ხმის მიცემა ჰქვია" და ის 65 წელზე უფროსი ამომრჩევლებისთვისაა განკუთვნილი. ნებრასკაში კი იმ ოლქებშია დასაშვები ფოსტით ხმის მიცემა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 10,000-ზე ნაკლებია.

მკვლევრები ამბობენ, რომ "მართალია ეს სისტემები [ფოსტით ხმის მიცემის] ადმინისტრაციულად განსხვავდებიან, მაგრამ ყველა მათგანი თანმიმდევრულია" ძირითად პრინციპში: ყველა ამომრჩეველი იღებს ბიულეტენს არჩევნების წინა დღეს და ყველა მათგანი ზღუდავს პირადად ხმის მიცემას [საარჩევნო უბანზე].

კვლევის ავტორები წერენ: "[ფოსტით ხმის მიცემას] შეუძლია, უარეს შემთხვევაში შეინარჩუნოს, ისტორიული ჩართულობა ამომრჩევლისა არჩევნებზე, უკეთეს შემთხვევაში კი ოდნავ გააუმჯობესოს ამომრჩევლის აქტივობა არჩევნებზე".

ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება. რესპუბლიკელების მხრიდან კვლავ დონალდ ტრამპი და მაიკ პენსი, ხოლო დემოკრატებისგან ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი იბრძოლებენ თეთრი სახლისთვის. ჯერ უცნობია, თუ როდის გამოქვეყნდება არჩევნების საბოლოო შედეგები. თუმცა, უცვლელია არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე და ის, 2021 წლის 20 იანვარს ჩატარდება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG