ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი კენოშაში რამდენიმე საათში ჩავა


ქუჩის პროტესტი, რასობრივი უთანასწორობა და პოლიციის ძალადობრივი ქმედებები - ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 9 კვირით ადრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის დემოკრატ მეტოქე ჯო ბაიდენს შორის დებატების მთავარი თემაა. ამერიკაში არსებული პრობლემების გამოწვევასა და ხელშეწყობას მხარეები ერთმანეთს აბრალებენ და განცხადებებს თითქმის ყოველდღიურად აკეთებენ.

ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ ტვიტერში დაწერა შემდეგ კი პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ის დღეს ჩავა ვისკონსინის ქალაქ კენოშაში, სადაც უკვე ერთ კვირაზე მეტია ათობით ადამიანი რასობრივ უთანასწორობას აპროტესტებს. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა შავკანიანი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. მომხდარიდან მალევე კენოშაში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა შენობა-ნაგებობები და ბიზნესები გადაწვა, რის გამოც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთი შეტაკება მოხდა.

რთული ვითარება რჩება ორეგონს შტატის ქალაქ პორტლენდშიც. მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, პრეზიდენტმა ტრამპმა დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი "შენელებულ ჯოდ" მოიხსენია.

ბრალდებებს ბრალდებებით უპასუხა დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა. ჯო ბაიდენმა გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში, პრეზიდენტი ტრამპი ძალადობის წაქეზებაში დაადანაშაულა. ბაიდენმა თქვა, რომ დონალდ ტრამპის ქმედებების გამო საზოგადოებაში უთანასწორობა გაღრმავდა.

"ამ პრეზიდენტმა, დიდი ხნის წინ, დაკარგა ნებისმიერი მორალური უფლება, რომ მართოს ეს ქვეყანა. მას არ შეუძლია შეაჩეროს ძალადობა, რადგან წლების განმავლობაში ის თავად ახდენდა ამის პროვოცირებას," - თქვა ჯო ბაიდენი.

მეტიც ამავე გამოსვლაში ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მოქმედი პრეზიდენტი ძალადობას და დაპირისპირებას "პოლიტიკურ მაშველად" თვლის. "გრძნობთ უსაფრთხოდ თავს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს?" - თქვა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტი ტრამპი ვისკონსინში რამდენიმე საათში გაფრინდება, იმის მიუხედავად, რომ გუერნატორმა ტონი ევერსმა რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიმართა, რომ ვიზიტი შტატში გადაედო, ან არ ჩასულიყო ქალაქ კენოშაში.

"მე შეშფოთებული ვარ, რომ თქვენი ყოფნა ხელს შეუშლის ჩვენი ერის გაჯანსაღებას. მე შოშფოთებული ვარ, იმით რომ თქვენი ქმედებები აფერხებს ჩვენს მუშაობას, რომ დავძლიოთ ეს პრობელემები და წავიდეთ წინ," - განაცხადა ევრსმა.

პარალელურად ტონი ევერსმა მიიღო გადაწყვეტილება და შტატში ფედერალური დახმარება შეუშვა, რომლების დახმარებითაც ქალაქ კენოშაში ვითარება დასტაბილურდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განცხადება ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

"მე რომ დაჟინებით არ მეთქვა, რომ ქალაქში ჩავდიოდი და არ მომეთხოვა დაჟინებით, რომ კენოშაში შეეშვათ ფედერალური ჯარი, ახლა არც კენოშა და არც ვისკონსინის შტატი აღარ იქნებოდა. იქნებოდა ბევრი გარდაცვლილი და გადამწვარი შენობა. მადლობას ვუხდი პოლიციელებს და ეროვნულ გვარდიას. მალე გნახავთ!" - წერს პრეზიდენტი ტრამპი.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი სულ რამდენიმე საათში კენოშაში ჩავა. თეთრ სახლში ამბობენ, რომ პრეზიდენტი არ მოინახულებს, იმ ოჯახს რომლთა ახალგაზრდა წევრი პოლიციის ქმედებებს ემსხვერპლა და რის გამოც ქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო.

პრეზიდენტმა ტრამპმა ტვიტერში ყურადღება გაამახვილა პორტლენდში განვითარებულ მოვლენებზე. ქალაქში შეტაკება მის მომხრეებსა და "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" აქციის მონაწილეებს შორის მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პორტლენდში - იქ სადაც აქცია მიმდინარეობდა - დაახლოებით 600 ავტომობილისგან შემდგარი ავტოკოლონით პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები მივიდნენ.

შეტაკების დროს გარდაიცვალა ერთი ადამიანი. ახალგაზრდა თეთრკანიანი მამაკაცი, რომელიც მემარჯვენე ჯგუფს წარმოადგენდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულს გამავალი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა.

პორტლენდში განვითარებული მოვლენების გამო, პრეზიდენტმა ტრამპმა ქალაქის მერი გააკრიტიკა, მას სულელი უწოდა და დასძინა, რომ ქალაქში უკვე მესამე თვეა საპროტესტო აქციები იმართება, რომელთა პარალელურადაც ძალადობა გრძელდება.

პორტლენდის მერმა ტრამპს უპასუხა და თქვა "მე მეუბნებით აღვკვეთო პროტესტი და ძალადობა, რომელსაც საფუძველი თქვენ ჩაუყარეთ?"

დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება და არჩევნებამდე, როგორც ჩანს, მთავარი სასაუბრო თემები სწორედ აქციები, რასობრივი უთანასწორობა, ძალადობრივი ქმდებები, პოლიციის რეფორმა და კოვიდ-19-ის პანდემია იქნება.

დავის კიდევ ერთი დიდი თემა ხმის მიცემის პროცედურაა. დემოკრატები არჩევნების ჩატარებას ფოსტის დახმარებით ფიქრობენ, პრეზიდენტი ტრამპი კი ამის წინააღმდეგია და ამბობს "თუ აქციებზე სიარული შეგიძლიათ, რატომ არ შეიძლება არჩევნებზე ხმაც პირადად მიცეთ?"

Facebook Forum

XS
SM
MD
LG