შეერთებულ შტატებში ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი გრძელდება. თუმცა, პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სრულად აღდგენა დროს მოითხოვს, უთხრა სამშაბათს კონგრესის კანონმდებლებს ამერიკის ფედერალური სარეზერვო ბანკის თავმჯდომარემ.
"ეკონომიკის აღდგენა კვლავ არათანაბრად ხდება და დასრულებისან შორსაა" - განაცხადა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა. მისი თქმით, "მართალია, გაზაფხულიდან მოყოლებული, სამუშაო ბაზარზე საკმაო პროგრესია, მაგრამ მილიონობით ამერიკელი ჯერ ისევ უმუშევარია". ამასთან ერთად, ჩვენს წინ მდებარე გზაც ძალიან გაურკვეველი რჩება, უთხრა პაუელმა სენატის საბანკო კომიტეტის წევრებს.
შრომის დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებულ შტატებში უმუშევრობამ იანვრის თვეში 6.3% შეადგინა. მაგრამ, პაუელი ამბობს, რომ ეს მონაცემი რეალურად 10 პროცენტთან უფრო ახლოა, რაც გასული წლის თებერვალთან შედარებით, გაორმაგებულზე მეტია.
კონგრესმა 2020 წელს თითქმის 4 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი დაამტკიცა. კანონმდებლები ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარმოდგენილ, დამატებით $1.9 ტრილიონის დახმარებას განიხილავენ. ვინაიდან კონგრესის ორივე პალატას დღეს დემოკრატები აკონტროლებენ, მოელიან, რომ ის მარტის შუა რიცხვებამდე დამტკიცდება.
Facebook Forum