ორშაბათს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან ერთად ჩინეთს ბრალი დასდო გლობალური კიბერთავდასხმის კამპანიაში წარმოებაში. საუბარია წლის დასაწყისში, კომპანია "მაიკროსოფტზე" განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე, რომელში დამნაშავედაც პეკინისთვის მომუშავე ჰაკერები გამოაცხადეს.
ამერიკას ამ ბრალდების წაყენებაში მხარს უჭერს ნატო, ევროკავშირი, ბრიტანეთი, ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და კანადა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
"ამერიკის შეერთებული შტატები და ქვეყნები მსოფლიოში მასშტაბით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ადანაშაულებენ კიბერსივრცეში უპასუხისმგებლო, შემაწუხებელ და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქცევაში. ეს უქმნის უმნიშვნელოვანეს საფრთხეს ჩვენს ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას", - ვკითხულობთ ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
ორშაბათსვე, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჩინეთის ოთხ მოქალაქეს კიბერთავდასხმის კამპანიაში მონაწილეობის ბრალდება აქვს წაყენებული. ეს კამპანია ათობით სახელმწიფო სააგენტოს წინააღმდეგ იყო მიმართული, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ჩინეთის საელჩოს ვაშინგტონში, ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია. თუმცა, აქამდე გაკეთებული ბრალდებების დროს, ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მათი ქვეყანაც ხშირად ხდება კიბერთავდასხმის მსხვერპლი და ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ასეთი ტიპის შეტევებს.
Facebook Forum