ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მნიშვნელობა ენიჭება 2011 წლის ივლისს აშშ-ს ავღანეთის სტრატეგიაში?


რა მნიშვნელობა ენიჭება 2011 წლის ივლისს აშშ-ს ავღანეთის სტრატეგიაში?
რა მნიშვნელობა ენიჭება 2011 წლის ივლისს აშშ-ს ავღანეთის სტრატეგიაში?

პრეზიდენტ ობამას განცხადების თანახმად ავღანეთიდან აშშ-ს სამხედრო ძალების გაყვანა 2011 წლის ივლისში უნდა დაიწყოს, რაც რეგიონში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს

პრეზიდენტ ობამას გეგმა, რომლის თანახმადაც ავღანეთიდან შეერთებული შტატების ჯარების გაყვანა 2011 წლის ივლისში უნდა დაიწყოს, რეგიონში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს და ბევრს ამ თარიღის ნამდვილი მნიშვნელობა არ ესმის.

პრეზიდენტი ობამას მოსვლისას ამერიკელებს მიაჩნდათ, რომ ბუშის ადმინისტრაციის სტრატეგია ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიმართ მცდარი იყო. ჯერ კიდევ სენატორობის დროს ბატონი ობამა ერაყში მიმდინარე ომის წინააღმდეგი იყო. მას და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნდათ, რომ ერაყის ომზე შეზღუდული რესურსები იხარჯებოდა, რომელიც სხვაგვარად ბევრად უფრო მნიშვნელოვან ავღანეთში მიმდინარე საომარ მოქმედებეს მოხმარდებოდა.

გასული წლის მარტში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ავღანეთში შეერთებული შტატების სტრატეგია ალ ყაიდის „აღმოფხვრას, დაშლასა და დამარცხებას“ ითვალისწინებდა. ამას გარდა, ობამას სტრატეგიის თანახმად, ამერიკა ყველა ღონეს იხმარს რათა თალიბთა მოძრაობას ავღანეთში აღარასოდეს დაუბრუნდეს ძალაუფლება და რომ ავღანეთი ტერორისტების სათარეშოდ აღარ გადაიქცეს. თავდაპირველად ობამამ ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალები 17,000 ჯარისკაცით გაზარდა.

გასული წლის დეკემბერში ობამამ სტრატეგიაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, მან ავღანეთში დისლოცირებული შეერთებული შტატების სამხედრო ძალები 30,000 ჯარისკაცით გაზარდა. ამას გარდა გამოცხადდა, რომ მოკავშირე ქვეყნები კოალიციურ ძალებს 10,000 ჯარისკაცით გაზრდიდნენ. ობამას სტრატეგია აგრეთვე ითვალისწინებს ავღანეთში მეამბოხეების წინააღმდეგ ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც წარმატებული აღმოჩნდა ერაყში. მაგრამ პრეზიდენტმა თავიდანვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პასუხისმგებლობა ავღანეთის მიმართ განუსაზღვრელი როდია.

„დამატებითი ამერიკული და საერთაშორისო ძალების გამოყოფა ავღანელი ძალებისთვის პასუხისმგებლობის გადაბარების დაჩქარებას შესაძლებელს გახდის. ეს კი, თავის მხრივ, 2011 წლის ივლისში ავღანეთიდან ჩვენი ძალების გაყვანის დაწყებას შესაძლებელს გახდის,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

ობამას სტრატეგიის მთავარი ამოცანა თალიბთა მოძრაობის დამარცხებასა და ავღანეთის მთავრობისა და სამხედრო ძალების განმტკიცებაში მდგომარეობს რათა შეერთებული შტატების ჯარებმა პასუხისმგებლობის გადაბარება დაიწყონ და ქვეყნიდან გასვლისთვის მოემზადონ. როგორც მოსალოდნელია, ეს პროცესი გარკვეულ დროს დაიკავებს და სტადიებად უნდა დაიყოს. მაგრამ 2011 წლის ივლისის თარიღის გამოცხადებამ რეგიონში შეშფოთება გამოიწვია. ბევრს შეექმნა შთაბეჭდილება თითქოს ჯარების გაყვანის დაწყების თარიღის დასახელება ფაქტობრივად ავღანეთის მიმართ შეერთებული შტატების პასუხისმგებლობის დასასრულს ნიშნავს და ამერიკელი ოფიციალური პირები დაუღალავად იღწვიან ამ შეხედულების გაბათილების მიზნით.

ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ხსნებული თარიღი პროცესის დასაწყისია და რომ ავღანეთში დისლოცირებული სამხედრო ძალების შემცირება დამოკიდებული იქნება ორ ფაქტორზე - მეამბოხეთა დამარცხებასა და ავღანეთის სამხედრო ძალების რიცხვზე.

მიუხედავად ამისა თარიღის დასახელება კვლავინდებურად აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკოსს მაიკლ ო’ჰანლონს მიაჩნია, რომ ეს გამოწვეულია იმით, რომ პრეზიდენტის გზავნილი „რთულად გასაგებ ნიუანსებს“ შეიცავდა.

მაგრამ ჰერითაჯის ფონდის ანალიტიკოსს ლისა კერტისს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ობამა ავღანეთიდან შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გაყვანის პროცესის დაწყებას გულისხმობდა, 2011 წლის ივლისის დასახელება შეცდომა იყო.

„სწორედ ეს განაცხადა მან გასულ დეკემბერს. მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი გზავნილი რეგიონში სულ სხვანაირად გაიგეს. აღქმა ის იყო, რომ თარიღის დასახელება გასვლის სტრატეგიის ტოლფასია და რომ შეერთებული შტატები ამისთვის ემზადება,“ აღნიშნა კერტისმა.

პრეზიდენტის მომხრეები აღნიშნავენ, რომ თარიღის დასახელებამ შეერთებული შტატების მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ისევე როგორც ავღანეთის მთავრობაზე ზეწოლა გაზარდა რათა ავღანეთში სახელმწიფო აღმშენებლობასა და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამების განხორციელება დაჩქარდეს. მაგრამ ლისა კერტისი აღნიშნავს, რომ ზეწოლამ საპირისპირო შედეგი გამოიღო და არარეალისტური ამოცანები და მოლოდინი გამოიწვია.

მიმდინარე წლის მიწურულს პრეზიდენტი ობამა ავღანეთის სტრატეგიას გადახედავს. როგორც მოსალოდნელია, ობამას ადმინისტრაციის ოფიციალური პირები მიღწეული პროგრესის ანგარიშით ნატოს ლიდერების წინაშე 20 ნოემბერს დანიშნულ სამიტზე წარსდგებიან. ეს იქნება პირველი მანიშნებელი იმისა თუ რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს ავღანელებისთვის პასუხისმგებლობის გადაბარება და ქვეყნიდან სამხედრო ძალების გაყვანისთვის მომზადება. მაგრამ ოფიციალური პირები აღნიშნავენ იმასაც, რომ მომავალი წლის ივლისის მოახლოების პარალელურად მათ უფრო კარგად ეცოდინებათ ის თუ რამდენად სწრაფად განხორციელდება ავღანეთიდან ჯარების გაყვანა.

XS
SM
MD
LG