შეერთებულ შტატებში სიგარეტის მწეველთა რიცხვი გასულ წელს კიდევ უფრო დაეცა და რეკორდულად დაბალია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მონაცემთა აღრიცხვა დაიწყო. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა (CDC) 27 000-ზე მეტი ამერიკის მოქალაქე გამოკითხა.
ახალი კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით, სიგარეტს დღეს 9-დან ერთი ზრდასრული ამერიკელი ეწევა. გასულ წელს შეერთებულ შტატებში მწეველთა რაოდენობა 11%-ს შეადგენდა, ერთი წლით ადრე კი 12%-ს.
თუმცა, პარალელურად გაიზარდა ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელთა რიცხვი. 17-დან ერთი გამოკითხული ამბობს, რომ ის ელექტრონულ სიგარეტს ეწევა.
ელექტრონული სიგარეტის მწეველთა რიცხვი გასულ წელთან შედარებით, თითქმის 6%-ით გაიზარდა, ამასთან მომხმარებელთა რაოდენობამ განსაკუთრებით იმატა მოზარდებში. მართალია, გამოკითხვის მიხედვით, საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასებში ტრადიციულ სიგარეტს მხოლოდ 2% ეწევა, მაგრამ ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელთა რიცხვი 14%-მდე გაიზარდა.
სიგარეტის მოწევა ფილტვის კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის ინფარქტის და ინსულტის რისკ-ფაქტორია. მოწევა დიდი ხანია, რაც ითვლება პრევენტირებადი სიკვდილობის წამყვან მიზეზად.
გასული საუკუნის 60-იან წლებში ზრდასრულ ამერიკელთა 42% მწეველი იყო. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მწეველთა რიცხვი თანდათან იკლებდა, რაც დიდწილად გადასახადების გაზრდით, საჯარო ადგილებში მოწევის აკრძალვით და სარეკლამო კამპანიების შეწყვეტით იყო განპირობებული.
Facebook Forum