ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელ-სიგარეტებს ამერიკაში უკვე 12 ადამიანის დაღუპვა უკავშირდება


ფილტვების დაზიანების 800-ზე მეტი შემთხვევა და 12 დაღუპვის ფაქტი - ასეთია ბოლო მონაცემები, რომელიც "სი-დი-სიმ", შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა (CDC), ელექტრო სიგარეტების მოწევის მავნე გავლენასთან დაკავშირებით, 26 სექტემბერს გამოაქვეყნა.

მონაცემები 3 სექტემბრის შემდეგ, თვეზე ნაკლებ დროში, თითქმის გაოთხმაგებულია. დაავადებულთა მონაცემები ასაკის და სქესის მიხედვით ასეთია:

  • თითქმის 3/4 (72%) კაცია
  • 2/3 (67%) 18-დან 34 წლამდეა
  • 16% - 18 წლამდე ასაკის
  • 38% - 21 წლამდე ასაკის

ზუსტი მიზეზი, თუ კონკრეტულად რომელი ნივთიერება, ან რომელი მოწყობილობა იწვევს ფილტვების მძიმე დაზიანებას, ჯერჯერობით ისევ უცნობი რჩება. "სი-დი-სი" ადასტურებს, რომ პაციენტების უმეტესობა ისეთ ელ-სიგარეტს ეწეოდა, რომელშიც მარიხუანის შემადგენელი ფსიქოაქტიური ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) იყო გარეული. ბევრი მხოლოდ ნიკოტინის შემცველ ელექტრო სიგარეტს ეწეოდა.

"სი-დი-სი" გამოძიებას აგრძელებს. მანამდე კი ელ-სიგარეტის მომხმარებლებს ურჩევს:

  • აღარ შეიძინონ ელექტრო სიგარეტები არალიცენზირებული გამყიდველებისგან. განსაკუთრებით ის, რომელიც შეიცავს ტეტრაჰიდროკანაბინოლს (THC) ან კანაფის ზეთებს (CBD)
  • არ დაამატონ საკუთარი ინიციატივით რაიმე ნივთიერება, რაც ლიცენზირებულ მწარმოებელს არ აქვს ელ-სიგარეტში
  • მოზარდებმა და ახალგაზრდებმა არ უნდა მოწიონ ელ-სიგარეტი
  • ორსულმა ქალებმა არ უნდა მოწიონ ელ-სიგარეტი
  • ზრდასრულმა ადამიანებმაც, ვინც ტრადიციულ სიგარეტს არ ეწევა, არ უნდა დაიწყოს ელ-სიგარეტის მოწევა

ვიდრე ფედერალური უწყებები ელექტრო სიგარეტების მავნე თვისებებს სწავლობენ, რამდენიმე შტატი თვითონ კრძალავს საეჭვო პროდუქტს. მასაჩუსეტსი პირველია ამერიკის შტატებს შორის, რომელმაც ელ-სიგარეტების და მასთან დაკავშირებული პროდუქტების გაყიდვა აკრძალა. აკრძალვა დროებითია, 2020 წლის იანვრამდე, ვიდრე ჯანდაცვის ოფიციალურ პირებს მისი მავნებლობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ ექნებათ.

ელ-სიგარეტები 180 დღით აიკრძალა მიჩიგანის შტატში. ნიუ-იორკის შტატში აკრძალვა ძალაში შევა 4 ოქტომბერს. 120-დღიანი აკრძალვა ძალაში შედის როდ-აილენდის შტატში. მსგავს საკანონმდებლო აქტს განიხილავენ ილინოისის, ნიუ-ჯერსის და დელოვერის შტატების გუბერნატორები. ელექტრო სიგარეტები აკრძალულია კალიფორნიის შტატის საჯარო ადგილებში, სამსახურებში, ბარებში, რესტორნებში და ა.შ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG