შეერთებული შტატების ჯანდაცვის ოფიციალური პირები ელექტრონული სიგარეტების მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ ქვეყანაში თანდათან იზრდება ელ-სიგარეტების მოწევასთან დაკავშირებული რესპირატორული დაავადებების რიცხვი. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC) 30 აგვისტოს იძულებული გახდა, ოფიციალური განცხადება და გაფრთხილება გაევრცელებინა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი იძიებენ ფილტვების დაავადების 215 სერიოზულ შემთხვევას, რომელიც სავარაუდოდ, ამ ე.წ. ვეიპინგის პროცესთან არის დაკავშირებული.
პაციენტებზე ინფორმაცია სხვადასხვა შტატებიდან თითქმის ერთდროულად, ამ ზაფხულის თვეებში გავრცელდა. დაავადება სიცხით, პირღებინებით, ზოგადი სისუსტით იწყება და ფილტვის ფუნქციების მოშლით გრძელდება. საავადმყოფოს პაციენტები როგორც წესი, სუნთქვის პრობლემებზე ჩივილით მიმართავენ.
ხშირ შემთხვევაში, ექიმებს პაციენტების ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანა უწევთ. ისინი აპარატზე ზოგჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში რჩებიან. ამ ეტაპზე, დაავადებულთა უმეტესობა გამომჯობინდა, მაგრამ რამდენიმე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ერთი ადამიანი გარდაიცვალა კიდეც.
ფილტვების ეს რთული დაავადება ჯერ ბოლომდე არ არის შესწავლილი და სპეციალისტებმა ზუსტი გამომწვევი მიზეზი არ იციან. თუმცა, ფაქტია, რომ ჰოსპიტალიზაციის ყველა შემთხვევაში, პაციენტებს აერთიანებს ის, რომ თითოეული მათგანი ელექტრონულ სიგარეტებს ეწეოდა.
დაავადებულთა დიდი უმრავლესობა ახალგაზრდაა, ხშირად თინეიჯერი და სხვამხრივ - სრულიად ჯანმრთელი. ზოგიერთი მათგანი ისეთ ელ-სიგარეტს ეწეოდა, რომელშიც მარიხუანის შემადგენელი ფსიქოაქტიური ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) იყო გარეული.
ამერიკის ჯანდაცვის ოფიციალური უწყების რჩევა
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი აფრთხილებს მომხმარებლებს, არ იყიდონ ელექტრონული სიგარეტების პროდუქტები არალიცენზირებულ უწყებებში. ამასთან, მწეველები უნდა მოერიდონ მასში ისეთი ნივთიერებების დამატებას, როგორიცაა ტეტრაჰიდროკანაბინოლი.
"დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის რჩევაა, ვიდრე გამოძიება გრძელდება, ის ამერიკელები, ვინც ელ-სიგარეტს იყენებენ და ამ კონკრეტული, სპეციფიკური, პოტენციური დაავადების რისკით არიან შეშფოთებულები, მოერიდონ მათ გამოყენებას, არ იყიდონ ისინი ქუჩიდან, ან არ ეცადონ მოდიფიცირებას ისეთი ნივთიერებების დამატებით, რომელიც მწარმოებლის მიერ არ არის მიწოდებული" - ნათქვამია ჯანდაცვის სააგენტოს განცხადებაში.
ელექტრონული სიგარეტები შეერთებულ შტატებში პირველად დაახლოებით 10 წლის წინ გამოჩნდა. ინდუსტრიას პოპულარობა მალევე მოუტანა იმ ფაქტმა, რომ ელ-სიგარეტი მასზე გაცილებით უფრო მავნე ჩვევის, თამბაქოს მოწევაზე თავის დანებების ეფექტური საშუალებაა.
ელ-სიგარეტის მუშაობის პრინციპი ასეთია: ის ბატარეის მუხტს იყენებს იმისთვის, რომ გააცხელოს აპარატში მოთავსებული თხევადი ნიკოტინის ხსნარი და გადააქციოს ის ორთქლად, რომელსაც ადამიანი შეისუნთქავს. ორთქლი უსუნოა და ჰაერში შესამჩნევ კვალს არ ტოვებს.
ტრადიციულ თამბაქოსთან შედარებით, ელექტრო-სიგარეტი აქამდე უსაფრთხოდ ჯერ ერთი იმიტომ ითვლებოდა, რომ ნაკლებ ნიკოტინს შეიცავს. და მეორე: მის შემადგენლობაში არ არის და შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში არ ხვდება უამრავი სხვა მავნე ნივთიერება, რომელსაც ადამიანზე მომაკვდინებელი გავლენა შეიძლება ჰქონდეს.
ადვოკატები და კრიტიკოსები
ამ ახალი ტიპის სიგარეტის ადვოკატების მთავარი არგუმენტი იგივე რჩება. ისინი დაბეჯითებით იმეორებენ, რომ ელექტრონული სიგარეტი ტრადიციული თამბაქოს ზრდასრული მწეველებისთვის, მოწევაზე თავის დანებების ძალიან ეფექტური საშუალებაა.
თუმცა, კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ელ-სიგარეტის გაყიდვა ჯერ არასაკმარისად რეგულირებულია. არ არის ნორმირებული მასში ნიკოტინის შემცველობა და დანამატები, იქნება ეს არომატები თუ სხვა მსუბუქი, თუ ძლიერი ზემოქმედების ნივთიერებები.
ბევრი ელექტრო-სიგარეტებს ნიკოტინის ახალ თაობასაც კი უწოდებს. ოპონენტებს მოზარდებში ელ-სიგარეტების მზარდი პოპულარობის დამადასტურებელი სტატისტიკური მონაცემები მოჰყავთ. ასევე, სახელდება პირველადი კვლევების შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ტიპის სიგარეტებიც იწვევს ადამიანის ორგანიზმში დამოკიდებულების გაჩენას.
ჯერჯერობით უცნობი რჩება ელექტრო-სიგარეტების გრძელვადიანი მოქმედების შედეგი ადამიანის ორგანიზმზე. ასევე უცნობია არომატიზატორების და სხვა სერიოზული დანამატების გავლენა, რომელთა შორის მეტალების ნაკვალევიც იძებნება.
Facebook Forum