4 მარტს, გაეროს სააგენტო "ანრვას" ხელმძღვანელმა, რომელიც პალესტინელ ლტოლვილებს უწევს დახმარებას, ისრაელი მათი ორგანიზაციის და მისი ძალისხმევის მოსპობის მიზნით წარმოებულ კამპანიაში დაადანაშაულა. გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო "ანრვა" (UNRWA) აცხადებს, რომ მათ დახმარებაზე 2 მილიონზე მეტი პალესტინელის სიცოცხლეა დამოკიდებული.
"„ანრვა" აღმოჩნდა მიზანმიმართული და შეთანხმებული კამპანიის პირისპირ, რომლის მიზანია ძირი გამოუთხაროს მის ოპერაციებს და საბოლოოდ დაასრულოს ისინი", - განაცხადა ფილიპე ლაზარინიმ, გაეროს გენერალურმა კომისარმა, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე. მისი თქმით, „ამ კამპანიის ნაწილი მოიცავს დონორებისთვის ისეთი დეზინფორმაციის მიწოდებას, რაც გააძლიერებს სააგენტოს მიმართ უნდობლობას, მისი რეპუტაციის შელახვის მიზნით“.
გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო უპრეცედენტო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. "ანრვა", რომელიც ახლა, ახლო აღმოსავლეთში, დაახლოებით 13 000 თანამშრომლით ოპერირებს, რეგიონის მასშტაბით დევნილ პალესტინელებს, მათ შორის ღაზის სექტორში, დახმარებას და ძირითად მომსახურებას ათწლეულების განმავლობაში უწევს.
სააგენტოს დაფინანსების გადახედვა ბევრმა ქვეყანამ დაიწყო მას შემდეგ, რაც ისრაელმა იანვარში წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც სააგენტოს 12 თანამშრომელი, გასული წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმაში მონაწილეობდა. ბრალდებების გამო, "ანრვას" სუბსიდირება ბევრმა დონორმა შეუჩერა. მათ შორის არიან გაეროს სააგენტოს ისეთი წამყვანი დამფინანსებლები, როგორიცაა შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და სხვა.
ევროკომისიამ "ანრვას", 82 მილიონი ევროდან, დაფინანსების ნაწილი შეუჩერა. თუმცა, ევროპული კომისიის განცხადებით, ის პარალელურად, უშუალოდ პალესტინელთა საერთო დახმარებას 68 მილიონი ევროს ოდენობით გაზრდის.