დღეს გაეროს უშიშროების საბჭო ახალი რეზოლუციის პროექტის კენჭისყრისთვის ემზადება, რომელიც სირიის მთავრობისგან, 4 აპრილს ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე გამოძიებასთან თანამშრომლობას მოითხოვს. თავდასხმა იდლიბის პროვინციაში მოხდა და თითქმის 90 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა.
ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირმა გუშინ განაცხადა, რომ ინფორმაცია, რომელსაც საიდუმლოების გრიფი მოეხსნა, აჩვენებს, რომ თავდასხმა სირიის კუთვნილმა სუ-22 თვითმფრინავმა მოახდინა და რუსეთმა, რომელმაც სირიის ქმედება მიჩქმალა, ქიმიური იარაღის გამოყენებაში მეამბოხეები დაადანაშაულა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ მისი მთავრობა გაეროს გამოძიებას მიესალმება.
Facebook Forum