ვენესუელაში ვითარება მწვავდება. ქვეყანაში შემდგომი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სასწრაფოდ მოლაპარაკების დაწყებას ითხოვს.
მიშელ ბაჩელეტი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია ძალიან სწრაფად შეიძლება უმართავი გახდეს და "კატასტროფული შედეგები" მოიტანოს. ის ასევე ითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას, რომელიც ამ კვირის განმავლობაში მომხდარ ინციდენტს გამოიკვლევს. გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციაზე 20 ადამიანი მოკლეს და 350 დემონსტრანტი დააკავეს.
ნიკოლას მადურო, რომლის ლიდერობა უკვე სადავოა, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას არ აპირებს. მადუროს ინაუგურაცია 10 იანვარს გაიმართა და მას როგორც ჩანს, ვენესუელის არმიაც მხარს უჭერს.
პარალელურად კი 23 იანვარს, ახალგაზრდა ოპოზიციონერმა ხუან გუაიდომ, თავი გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტად გამოაცხადა. ის მაშინვე ცნო შეერთებულმა შტატებმა და 16-ზე მეტმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ.
პასუხად, მადურომ ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დატოვება 72 საათის განმავლობაში მოსთხოვა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ მადურო აღარ არის ქვეყნის პრეზიდენტი და მსგავსი განკარგულების გაცემა არ შეუძლია. ხუთშაბათს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ თუ ვენესუელაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა არ მოხდა, "ნებისმიერი გამოსავალი განიხილება".
თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტმა არასაგანგებო დანიშნულების პერსონალს ქვეყნის დატოვების მითითება მისცა. ამის მიუხედავად, კარაკასში მდებარე ამერიკის საელჩო არ იხურება და მუშაობას აგრძელებს.
რუსეთი, ირანი, სირია, მექსიკა, ბოლივია, კუბა და ჩინეთი მხარს მადუროს უჭერენ. პეკინი და მოსკოვი შეერთებულ შტატებს ურჩევენ, კრიზისისგან თავი შორს დაიჭიროს და კარაკასში მიმდინარე მოვლენებში არ ჩაერიოს.
Facebook Forum