გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 15 თებერვალს გაკეთებული განცხადებით, უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დღეისთვის აუცილებელია $5.6 მილიარდი. რუსეთის განმეორებითი თავდასხმიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, მსხვილმასშტაბიანმა ომმა მილიონობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დააზარალა.
ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს $3.9 მილიარდს, რომელიც იმ დაახლოებით 11.1 მილიონი უკრაინელისთვისაა გათვალისწინებული, ვისაც საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია და თავს უკრაინის სხვა ქალაქებს აფარებს. დამატებით $1.7 მილიარდი კი ქვეყნიდან გაქცეულ 4.2 მილიონ უკრაინელს შეეშველება, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის - 10 ევროპულ სახელმწიფოში იმყოფებიან.
მარტინ გრიფიტის თქმით, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეა ჰუმანიტარულ და საგანგებო დახმარების საკითხებში, გაეროს გუნდებისთვის პრიორიტეტია უკრაინაში მყოფი იმ მოქალაქეების საჭიროებები, რომლებიც ფრონტის ხაზთან, უკრაინის მხარეს იმყოფებიან და უდიდესი საფრთხის და სირთულეების პირისპირ უწევთ ცხოვრება. გაეროს თანამშრომლებმა იქ ბოლო ჩასვლაზე მშვიდობიან მოსახლეობას გადაუდებელი საჭიროების ნივთები დაურიგეს, მათ შორის: მედიკამენტები, გამათბობლები, საკვები და საბნები.
"გუშინ, გაეროს წარმომადგენლები დნიპროში ტვირთით სავსე 6 საბარგო მანქანით ჩავიდნენ და გაემართნენ 200 კილომეტრის სიღრმეში, დონეცკის რაიონში ფრონტის ხაზთან მდებარე 2 სოფლისკენ, რომლებიც ომის უსაშინლეს ზონაში არიან" - განაცხადა მარტინ გრიფიტმა. მისი თქმით, იქ ადამიანები საკუთარი სახლების ყოველდღიური დაბომბვის პირობებში, ყინვაში და დენის მიწოდების პრობლემების ფონზე ცხოვრობენ. გაეროს წარმომადგენლებმა დახმარება დაახლოებით 1 200 ადამიანს მიაწოდეს.
გაეროს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით, უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში აღრიცხული დაზარალებულების რიცხვი 18 955-ს შეადგენს. აქედან 7 199 მოკლულია და 11 756 დაშავებული. მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით, სინამდვილეში მონაცემები გაცილებით დიდი უნდა იყოს, მაგრამ ეს არის ის რაოდენობა, რომლის აღრიცხვაც მათ შეძლეს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ევროპაში ლტოლვილთა ყველაზე მასშტაბური კრიზისია. გაეროს მონაცემებით, 40 მილიონი მოსახლეობის მქონე უკრაინაში, რუსეთის მიერ დაწყებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის გამო, მოქალაქეთა თითქმის მესამედი ადგილნაცვალია.
Facebook Forum