გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში ავღანეთში ხელისუფლებისა და ნატოს მოკავშირეების მიერ წარმოებული ოპერაციების შედეგად იმაზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა, ვიდრე "თალიბანისა" და სხვა დაჯგუფებების ქმედებების შედეგად.
გაეროს მისიამ ავღანეთში ამ კვირაში სპეციალური ანგარიში წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, სამთავრობო და საერთაშორისო ოპერაციების შედეგად სულ 717 ადამიანი დაიღუპა ამ წელს. ეს კი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 31%-იანი ზრდაა. "თალიბანისა" და სხვა ექსტრემისტი ისლამისტების მიერ კი 531 ადამიანია მოკლული. სულ, სამთავრობო და საერთაშორისო ძალების ოპერაციების შედეგად, ავღანეთის 2 446 მოქაალქეა დაშავებული.
შეერთებული შტატები "თალიბანთან" სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს იმისთვის, რომ 18-წლის წინ 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ამერიკის მიერ დაწყებული ომი ავღანეთის წინააღმდეგ დასრულდეს. "თალიბანი" ამერიკისა და საერთაშორისო ძალების მიერ ავღანეთის ტერიტორიის სრულ დატოვებას ითხოვს. ამერიკა კი უსაფრთხოების გარანტიების შენარჩუნებას ცდილობს, მათ შორის იმის გარანტიას ითხოვს, რომ ავღანეთი აღარასდროს იქნება გამოყენებული ამერიკის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებისთვის.
Facebook Forum