ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის ორ ქალაქში აფეთქებები მოხდა


ავღანეთის დედაქალაქში ხუთშაბათ დილით რამდენიმე აფეთქება მოხდა, მოკლულია სულ მცირე ათი ადამიანი და არაერთი - დაშავებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე ადასტურებს. ის ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ნასრათ რაჰიმიმ განაცხადა, რომ თვითმკვლელმა თავდამსხმელმა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, თავი მაღაროებისა და ნავთობის სამინისტროს კუთვნილი მიკროავტობუსის სიახლოვეს აიფეთქა. მიკროავტობუსით თანამშრომლები სამუშაო ადგილისკენ მიემართებოდნენ. მეორე აფეთქებაც პირველი ინციდენტის ადგილას მოხდა. ეს ავღანეთში პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ე.წ. მეორადი აფეთქებები ხდება. წარსულში მსგავს აფეთქებებს პირველადი დახმარების აღმომჩენი ჯგუფების წევრები და ჟურნალისტები ემსხვერპლნენ.

ერთზე მეტი აფექება მოხდა ჯალალაბადის გზაზეც, პირველი აფეთქებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ქალაქი ჯალალაბადი ნანგარარის პროვინციის დედაქალაქია. აფეთქებამ იქ ერთი ოჯახის 9 წევრი იმსხვერპლა - 6 ქალი და სამი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ პროვინციის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადგილობრივი ჰოსპიტალის პრეს-სპიკერის თქმით, მათთან მკურნალობას გადის კიდევ ხუთი მსხვერპლი, რომელთა მდგომარეობაც ახლა სტაბილურია.

ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" ქაბულის თავდასხმებზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო. "თალიბანის" ავღანურმა შტომ კი განაცხადა, რომ ჯალალაბადის თავდასხმები მისი მოწყობილია. ამ განცხადების თანახმად, თავდასხმის სამიზნე "უცხოელი დამპყრობლები" იყვნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG