უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ორშაბათს ფრონტის ხაზზე ჯარისკაცები მოინახულა და სიტუაცია ადგილზე შეამოწმა. ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე ჩასვლისას, ზელესნკიმ შეაქო ჯარისკაცები "ყველა სექტორში" დაფიქსირებული წინსვლისთვის.
''დღეს, ყველა სექტორში ჩვენი ჯარისკაცები წინ წავიდნენ. დღეს ბედნიერი დღეა",- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვაში, რომელიც მან მატარებელში, ფრონტის ხაზის მონახულების შემდეგ ჩაწერა და გაავრცელა.
პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ზელენსკის ფრონტის ხაზზე ჩასვლაა დაფიქსირებული. პრეზიდენტის აპარატში ამბობენ, რომ ზელენსკიმ "ასობით კილომეტრის" ტერიტორია მოინახულა.
ერთ-ერთი ადგილი, სადაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ჩავიდა დონეცკის რეგიონი, ომისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წერტილი იყო. გარდა ამისა, ის ბერდიანსკსა და სამხრეთით მდებარე კიდევ ერთ საომარ წერტილს ესტუმრა.
პირველ ვიდეოში, რომელიც ზელენსკის ფრონტის ხაზზე მოგზაურობის შესახებ გავრცელდა, ჩანს, რომ პრეზიდენტი უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურთან, ალექსანდრ სირსკისთან ერთად, რუკებს განიხილავს.
"მაქვს პატივი დღეს ვიყო აქ, ვესაუბრო მეთაურს და პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ, მადლობა ჩვენი ქვეყნის, სუვერენიტეტის, ჩვენი ოჯახების, ბავშვების, უკრაინის დაცვისთვის",- ამბობს ვიდეოში ზელენსკი.
მეორე ვიდეოში ჩანს, რომ ზელენსკი ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზეა, სადაც ჯარისკაცებს ესაუბრება და მათთან პოზირებს.
მესამე ვიდეოში კი ზელენსკი ჯილდოებს გადასცემს ჯარისკაცებს და საბრძოლო რუკებს განიხილავს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ჰანნა მალიარის თქმით, ორშაბათს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დაიბრუნეს რივნოპილზე, სოფელზე, რომელსაც აქამდე რუსები აკონტროლებნდნენ. ეს უკრაინული კონტრშეტევის დაწყებიდან მე-9 სოფელია, რომელიც კიევის ძალებმა დაიბრუნა.