ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია მზადაა ლიეტუვაში ძალები მუდმივად განათავსოს


ლიეტუვის და გერმანიის ორმხრივი წვრთნები, 26 ივნისი, 2023
ლიეტუვის და გერმანიის ორმხრივი წვრთნები, 26 ივნისი, 2023

გერმანია მზადაა, რომ ლიეტუვაში 4 000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე გადასვლას მოითხოვდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ გერმანია, როგორც ნატოს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვის გასაუმჯობესებლად.

პისტორიუსის თქმით, საჭიროა, რომ ამისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას. თუმცა მანამდე, ბერლინი ამბობდა, რომ ლიეტუვას წლები დასჭირდებოდა ამ ყველაფრის შესაქმნელად, მათ შორის ჯარისკაცთა და მათი ოჯახების საცხოვრებელი, საწვრთნელი ბაზებისა და დეპოების ასაშენებლად.

"ჩვენ ვთანხმდებით, რომ ბრიგადა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზრდება, როგორც კი ინფრასტრუქტურა შეიქმნება", - ამბობს პისტორიუსი და განმარტავს, რომ ჯარების ამგვარი განთავსება რამდენიმე თვეში ვერ მოხდება. ამასთან, ჯარისკაცების განთავსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ნატოს რეგიონულ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს რუსეთის თავდასხმას.

ლიეტუვა საბრძოლო მზაობას აუმჯობესებს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:36 0:00

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ თქვა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს.

"ჩვენ პროცედურებს ვაჩქარებთ იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის აშენდეს. მაგრამ არ გავბრაზდებით, თუკი თავდაცვის სამინისტრო ამ პროცესის დასრულებას 2025 წელსაც მოახერხებს", - თქვა პრეზიდენტმა.

ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. 2014 წლამდე ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია განახორციელა. 2017 წლიდან, ნატომ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის კვალდაკვალ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.

გერმანია ნატოს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის მეთაურია ლიეტუვაში. ბატალიონი დაახლოებით 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ამასთან, მზადაა გერმანული ბრიგადაც. რომელიც ლიეტუვაზე თავდასხმის შემთხვევაში, მას სწრაფად დაეხმარება. თუმცა ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად იყოს წარმოდგენილი.

იენს სტოლტენბერგი მიესალმება გერმანიის განცხადებას. თუმცა ამბობს, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ახლა, რუსეთში ამბოხის შემდეგ, ძალების გაძლიერების საჭიროება არ არსებობს. ნატოს ლიდერები ვილნიუსში, სამიტზე 11-12 ივლისს შეიკრიბებიან.

XS
SM
MD
LG