უკრაინაში ახალი სასწავლო წელი იწყება. რუსეთის იერიშებით დანგრეული სკოლების აღდგენასთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობენ მოსწავლეებისთვის თავშესაფრების აშენება მოასწრონ. სექტემბრიდან სწავლას დაახლოებით 6 მილიონი უკრაინელი სკოლის მოსწავლე ონლაინ ან ფიზიკური დასწრებით დაიწყებს.
6-თვიანი ომის გრძელვადიანი შედეგების გათვალისწინებით, უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ სწავლის გაგრძელება ახლა მისთვის მთავარი პრიორიტეტია. კიევი თვლის, რომ ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია უკრაინელი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის სწავლის გაგრძელების შანსის მიცემა, ასევე - ქვეყნიდან დევნილი უკრაინელებისთვის, სურვილის შემთხვევაში, სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა.
24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში 2 300-მდე სასწავლო შენობა დაზიანდა. აქედან 286 რუსული საარტილერიო ჭურვებით და ბომბებით სრულად განადგურდა - აცხადებს უკრაინის განათლების და მეცნიერების სამინისტრო.
გაეროს მონაცემებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ, რომელსაც მოსკოვი კვლავ "სპეცოპერაციას უწოდებს", 350-ზე მეტი სასკოლო ასაკის ბავშვი შეიწირა, 586 კი დაჭრილია. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ ეს მონაცემები რეალურად გაცილებით მაღალი იქნება.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით 26 000 სასწავლო დაწესებულების მდგომარეობა შეაფასა, სრული რაოდენობის დაახლოებით 80% და აცხადებს, რომ მათ შორის მხოლოდ 41%-ს აქვს თავშესაფრები. ამ სიაში შედის საბავშვო ბაღები, სკოლები, ინსტიტუტები და უნივერსიტეტები.
თუმცა, რეგიონების მიხედვით სიტუაცია დრამატულად განსხვავდება. მაგალითად მიკოლაივის რაიონში, სადაც რუსეთის ძალებმა ცეცხლი ახლახან შეწყვიტა, სკოლების მხოლოდ 16%-ს აქვს თავშესაფრებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, უკრაინის განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ მილიონობით უკრაინელ ბავშვს, მოზარდს და ახალგაზრდას სწავლის გაგრძელება ონლაინ მოუწევს.
Facebook Forum