უკრაინა დამოუკიდებლობის 31 წელს აღნიშნავს. ამავე დღეს, ზუსტად 6 თვე შესრულდა მას მერე, რაც რუსეთი ქვეყანაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და საომარი მოქმედებები დაიწყო.
"24 თებერვალს, დილის 4 საათზე მსოფლიოში ახალი ერი გაჩნდა. ის კი არ დაიბადა, არამედ - თავიდან დაიბადა. ერი, რომელიც არ ტირის, არ ყვირის და არ დრკება. ერი, რომელიც არ გარბის, არ ნებდება, არ ივიწყებს. ჩვენ არ ვისხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან შიშის გამო და ჩვენს შუბლთან მობჯენილი ლულით. ჩვენთვის ყველაზე საშინელი მეტალი არაა რაკეტები, საჰაერო ხომალდები ან ტანკები, არამედ - ბორკილები. რა არის ჩვენთვის ომის დასასრული? ჩვენ ვამბობდით - მშვიდობა, ახლა ვამბობთ - გამარჯვება!", - ამ სიტყვებით მიმართა ერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კი თქვა, რომ თუკი ქვეყანას არ აქვს დამოუკიდებლობა, მას არ აქვს არაფერი.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღის შესახებ განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმაც. მისი განმარტებით, გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება მანამ, სანამ მას ეს სჭირდება.
"დღეს, ნორმალურ ვითარებაში ჩვენ უნდა გვქონოდა მხიარული კონცერტები, პიკნიკები, აღლუმები ზაფხულის ცისფერი და ყვითელი ცის ქვეშ. მაგრამ რუსეთის აგრესიის სასტიკი ომის მუქი ჩრდილი კვლავ მძიმე ტვირთად რჩება. ჩვენი საზღვრები და ჩვენი გულები კვლავ ღიაა მათთვის, ვინც იძულებული გახდა, გაქცეოდა რუსეთის ტერორს. გერმანია მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით ამ საშიშ დროს. დღეს, და მანამ, სანამ უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა დასჭირდება. თქვენი ყვითელი და ლურჯი დროშა და ევროკავშირის ყვითელი ვარსკვლავები ლურჯ ფონზე, ერთი მასალისგანაა გამოჭრილი", - თქვა ოლაფ შოლცმა.
უკრაინის მხარდამჭერი კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმაც.
"დღეს, უკრაინის დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ ემუქრება საფრთხე და მოქალაქეები ფოლადითა და მხნეობით იბრძვიან საკუთარი სახლებისა და ოჯახების დასაცავად. იმ უფლების დასაცავად, რომ თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი. რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას, დიდი ბრიტანეთი იდგება უკრაინის გვერდით და მიაწვდის მას ყველა შესაძლო სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას", - ამბობს ჯონსონი. ლონდონში, დაუნინგ სთრითზე მდებარე პრემიერის ადმინსიტრაცია დღეს ლურჯი და ყვითელი ფერების ყვავილებითაა მორთული.
უკრაინაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნი ღონისძიებები გაუქმებულია, მოქალაქეებს უსაფრთხოების მიზნით დიდი თავყრილობები და საზეიმო შეკრებები ეკრძალებათ. უკრიანის მთავრობა გასული დღეების განმავლობაში აცხადებდა, რომ რუსეთისგან გაძლიერებული აგრესია იყო მოსალოდნელი.