უკრაინულმა შენაერთებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფელი უროჟაინე რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ცნობებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ავრცელებს.
"უროჟაინე გათავისუფლებულია", - წერს ჰანა მალიარი "ტელეგრამში". "ჩვენი დამცველები სოფლის შემოგარენში გამაგრდნენ".
ეს სოფელი დონეცკის რეგიონის ნაწილია და ივნისის შემდეგ, კონტრიერიშის ფარგლებში გათავისუფლებულ რამდენიმე დასახლებას შორის, ბოლოა. კიევი რუსეთის ძალების განდევნას სამხრეთით და აღმოსავლეთით ცდილობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უშუალოდ ტერიტორიების დაკარგვის თაობაზე ინფორმაცია არ დაუდასტურებია, მაგრამ თქვა, რომ მისი არტილერია და საბრძოლო ავიაცია უკრაინის ძალებს სწორედ უროჟაინის მიმართულებით უტევს. ჟურნალისტებს ბრძოლის ველზე ვითარების დამოუკიდებლად გადამოწმების შესაძლებლობა არ აქვთ.
ამ სოფლის აღება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა სამხრეთის მიმართულებით, აზოვის ზღვისკენ აძლიერებს იერიშს და როგორც ბევრი ანალიტიკოსისთვის მოსალონდელი იყო, ცდილობს, საოკუპაციო ძალების დამაკავშირეებელი ხაზი გაწყვიტოს. უროჟაინე აზოვის ზღვიდან 90 კმ-ითაა დაშორებული. 27 ივლისს მეზობლად მდებარე სტარომაიორსკის შემდეგ, ეს პირველი დასახლებაა, რომლის აღების თაობაზეც კიევმა ცნობები დაადასტურა.
უკრაინის კონტრიერიში დაგეგმილთან შედარებით ნელა მიმდინარეობს, რადგან კიევის თმით, უკრაინულ ძალებს უჭირთ რუსული თავდაცვის გარღვევა საკმარისი განნაღმვითი საშუალებების და საავიაციო მხარდაჭერის გარეშე. რუს ჯარისკაცებს კი მოსამზადებლად თვეები ჰქონდათ.
უროჟაინის აღება უკრაინას სოფელ სტარომლინივსკასთან აახლოებს, რომელიც კიდვ უფრო სამხრეთითაა. ეს კი სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, რუსების მიერ ერთ-ერთი ყვეელაზე მეტად გამაგრებული ტერიტორიაა.
რუსეთის საოკუპაციო ძალები ახლა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედს აკონტროლებს. მათ შორის ყიდიმის ნახევარკუნძულს, ლუჰანსკის ოლქის უდიდეს ნაწილს და დონეცკის, ზაპორიჟიისა და ხერსონის დიდ ნაწილებს.