უცხოელი მებრძოლების ახალი კლასი ყალიბდება. ეს მებრძოლები ომის ზონებში ათასობით მიდიან. ზოგი თავგადასავლის საძიებლად, ზოგი კი იმედოვნებს, რომ ეს საკუთარი მიზნების მიღწევაში დაეხმარება. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ისეთ სახეს იღებს, რომ დასავლეთის დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელების მზარდ ყურადღებას იპყრობს.
ეს მებრძოლები არ არიან ჯიჰადისტები, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფება, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ვირტუალური ხალიფატის რომელიმე პროვინციაში მოხვედრას ცდილობენ. ისინი არც „ისლამური სახელმწიფოს“ მეტოქე „ალ-ყაიდას“ მომხრეები არიან.
ესენი მემარჯვენე ექსტრემისტები და თეთრი რასის უპირატესობის მომხრეები არიან და უკრაინაში ისეთი რაოდენობით მიდიან, რომელიც სირიის კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე მებრძოლების გადაადგილებას მოგაგონებთ.
ნიუ-იორკში დაფუძნებული არაკომერციული კვლევითი ჯგუფის, „სუფან ცენტრის“ ანგარიშის თანახმად, წინა წლებში, 50 ქვეყნიდან, მათ შორის შეერთებული შტატებიდან, 17 ათასზე მეტი ადამიანი გაემგზავრა უკრაინაში საბრძოლველად. ისინი იბრძოდნენ როგორც უკრაინული, ასევე პრო-რუსული ძალების მხარეს.
მათი უდიდესი უმრავლესობა, დაახლოებით 15 ათასი, რუსეთიდან ჩავიდა. მებრძოლები რეგიონის სხვა ქვეყნებიდანაც ჩადიან. 800 მებრძოლი ბელორუსიდანაა და კიდევ ასობით მებრძოლი გერმანიიდან, საქართველოდან, სერბეთიდან და ევროპის ათობით სხვა ქვეყნიდან. „სუფან ცენტრი“ ამბობს, რომ იქ თეთრკანიანი ექსტრემისტების მნიშვნელოვანი რაოდენობა შეგროვდა.
შედარებისთვის, ლონდონში დაფუძნებულმა რადიკალიზაციის შემსწავლელმა საერთაშორისო ცენტრმა დაასკვნა, რომ 2015 წლის დასაწყისში, 21 ათასი მებრძოლი 50 ქვეყნიდან, მათგან ნახევარზე მეტი ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან, სირიის სამოქალაქო ომში საბრძოლველად გაემგზავრა. ეს ავღანეთში, 80-იან წლებში შეკრებილ 20 ათას უცხოელს აჭარბებდა.
„სუფანის ცენტრი“ აფრთხილებს, რომ ის, რაც სირიამ ჯიჰადისტებისთვის გააკეთა, უკრაინა იგივეს თეთრი რასის უპირატესობის მომხრეებისთვის აკეთებს. თეთრი რასისტები გლობალურ ქსელებს ქმნიან, სწორედ ისე, როგორც ჯიჰადისტებმა 11 სექტემბრის თავდასხმამდე შექმნეს.
თეთრი რასისტები ტრანს-ნაციონალური გამოწვევაა, მისი ქსელები ავსტრალიიდან უკრაინას და ნორვეგიიდან ახალ ზელანდიას სწვდება. ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ომის ზონები მათ გაძლიერებას ხელს უწყობს. ქაოსი და არეულობა მათთვის ნოყიერი ნიადაგია, ასეთი სივრცეები კი ისეთ ადგილებში, როგორიც შეერთებული შტატებია, არ არსებობს.
ამ მებრძოლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დანიშნულების ადგილი აზოვის ბატალიონია, პრო-უკრაინული ძალა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ისინი ნეო-ნაცისტურ შეხედულებებს მხარს უჭერენ და მებრძოლების მისაზიდად, მთელ მსოფლიოში მემარჯვენე და თეთრი რასისტების ჯგუფებთან მუშაობენ.
მებრძოლების მისაზიდად ნოყიერი ნიადაგი პრო-რუსულმა ჯგუფებმაც იპოვეს. სერბები სერბეთიდან და ბოსნიის სერბული რესპუბლიკიდან, მეტწილად აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ, პრო-რუსულ სეპარატისტულ რაზმებს შეუერთდნენ.
ანალიტიკოსი ადრიან შტუნი ამბობს, რომ ოფიციალური შეფასებით, 2014 წლიდან უკრაინაში 300-მდე სერბი იბრძოდა და დაახლოებით 30 პიროვნება სერბეთის სასამართლოებში უკვე გაასამართლეს.
რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია დასავლეთში თეთრი რასიზმის აღმავლობას მხარს უჭერდა. რუსეთი ყველაფერს მიმართავს, რათა დასავლურ საზოგადოებაში დაყოფა გამოიწვიოს და მისთვის სულერთია, იქნება ეს თეთრი რასისტები თუ სხვა რომელიმე ჯგუფი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც დაპირისპირებაზე მუშაობს.
დასავლელი ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ეს საკმაოდ კარგად მუშაობდა ბოლო წლებში. სადაზვერვო სამსახურები ხედავენ, რომ კრემლი უფრო მეტად ეყრდნობა იმ ურთიერთობებს, რომელიც მან უკიდურესად მემარჯვენე ან ნაციონალისტურ პოლიტიკურ პარტიებთან განავითარა, რომლებიც უმნიშვნელო ჯგუფებიდან წამყვან პოლიტიკურ მოთამაშეებად გაიზარდნენ.
აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლების მონაწილე იტალიელების საქმის გამოძიების კვალდაკვალ, ივლისში, იტალიაში, ხელისუფლებამ ნაცისტურ სიმბოლიკასთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, ხიშტები და ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტები ამოიღო.
ევროპელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ექსტრემიზმი ერთი ან ორი ქვეყნის საზღვრებში არ ჩერდება და ექსტრემისტული პროპაგანდა ინტერნეტში ბევრად უფრო ფართო და მძიმეა.
პრობლემამ შეერთებული შტატების ხელისუფლების ყურადღებაც მიიპყრო. 23 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა კანზასის შტატში, ფორტ რილის ბაზაზე მომსახურე ჯარისკაცს, ასაფეთქებელი მასალების და მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი. მანაც „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა, რომ უკრაინაში გამგზავრება და აზოვის ბატალიონში ჩარიცხვა სურდა.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა და მკვლევარებმა აღმოაჩინეს კავშირი ნეო-ნაცისტურ რუსულ იმპერიულ მოძრაობასა და კალიფორნიაში დაფუძნებულ, თეთრი რასის უპირატესობის მომხრე ჯგუფ „რეიზ ებავ მუვმენთ“-ს შორის, რომლის ლიდერიც, 2017 წელს, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში მომხდარი სისხლიანი არეულობის წაქეზების გამო დააპატიმრეს.
ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, როგორიცაა ჰოლანდია, იმედს გამოთქვამს, რომ იგივე კანონები, რომლებსაც სირიაში მიმავალი ჯიჰადისტების აღმოსაჩენად და დასაკავებლად იყენებდნენ, თეთრი რასისტების წინააღმდეგაც გამოადგება.
შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამჟამად, თუ არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ეჭვი გაჩნდეს კანონის დარღვევაზე, მათ ბევრი არაფრის გაკეთება ძალუძთ.
შეერთებული შტატების კონტრტერორისტული უწყების მაღალი თანამდებობის პირმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ სირიის კონფლიქტს გულდასმით აკვირდებოდნენ, რადგან უცხოელი მებრძოლები, ტერორისტულ ჯგუფებად გამოცხადებულ „ისლამურ სახელმწიფოს“ და „ალ-ყაიდას“ უერთდებოდნენ.
შეერთებულ შტატებში არსებულ ჯგუფებს კი, როგორიცაა „ატომვაფენ დივიზია“ და „რეიზ ებავ მუვმენთ“, რომლებიც ევროპულ ჯგუფებთან დაკავშირებას ცდილობდნენ, ასეთი კლასიფიკაცია მინიჭებული არ აქვთ.
Facebook Forum