ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში პოპულისტების გამარჯვება ამერიკას აშფოთებს


ამერიკის მთავრობის წევრები ცდილობენ შეაფასონ, როგორ აისახება კვირას იტალიაში გამართული საპარლამენტო არჩევნები ოფიციალური ვაშინგტონისა და რომის მომავალ ურთერთობაზე.

ევროკავშირის ლიდერებისა და შტატების ხელისუფლება შეშფოთებულია იმით, რომ იტალიის არჩევნებში ევროპული გაერთიანებისადმი სკეპტიკური ძალები დაწინაურდნენ და რომ მთავრობაც სავარაუდოდ სწორედ ამ პარტიების შეთანხმებით დაკომპლექტდება. მათ ნაწილს ძლიერი იდეოლოგიური კავშირები აქვს კრემლთან. ეს დასავლეთს შეშფოთების სიგნალს უგზავნის.

ამერიკის მთავრობაში ამბობენ, რომ იტალიასა და შტატებს შორის ამჟამად დაზვერვასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით ინფორმაცია იცვლება და ეს პროცესი შესაძლოა შეფერხდეს, თუკი მთავრობას მემარჯვენე „ლიგა“ ან/და ანტი-ისტაბლიშმენტური „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ დააკომპლექტებს.

„ალბათ მკვეთრად შევამცირებთ იმ ინფორმაციის მოცულობას, რასაც ჩვენ იტალიელებს ვუზიარებთ, თუმცა ეს არ შეეხება ჩვენს თანამშრომლობას ჯიჰადისტებთან თუ ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებს“, - ამბობენ ამერიკის კონტრდაზვერვის თანამშრომლები „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურები უკვე იწყებენ იმის შეფასებას, თუ დაზვერვის რა ინფორმაციის გაცვლა უნდა გაგრძელდეს, და რა ნაწილს უნდა მიენიჭოს უფრო მაღალი დაცვის სტატუსი იმისთვის, რომ ის მოსკოვის ხელში არ აღმოჩნდეს. დაზვერვის თანამშრომლები ამბობენ, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები ნამდვილად გაიზრდება და კიდევ უფრო ნათელი გახდება შეზღუდვების მასშტაბები მაშინ, როდესაც ახალი მთავრობა დაკომპლექტდება და დაინიშნებიან საგარეო საქმეთა, უშიშროებისა და სხვა დაზვერვითი სამსახურების ხელმძღვანელები.

„ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ როგორც ცალკეულმა პარტიამ - არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა მასზე მეტი მხარდაჭერი აღმოაჩნდა მემარჯვენე პოპულისტური პარტიების გაერთიანება „ლიგას“. სწორედ ლიგის წევრები მიიღებენ პარლამენტში ყველაზე მეტ მანდატს. თუმცა წინ ჯერ კიდევ ხანგრძლივი მოლაპარაკებებია.

რობერტო ლავარინიმ, „იტალიის ძმების“ ერთ-ერთმა ლიდერმა რუსულ „სპუტნიკ ტვ“-ის უთხრა, რომ მისი პარტია უკვე ემზადება შინაგან საქმეთა ან თავდაცვის მინისტრის პოზიციის მისაღებად. მათივე თქმით, პარტიის წარმომადგენლები დაიკავებენ ასევე რამდენიმე მინისტრის მოადგილის პოზიციებსაც მემარჯვენე კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ.

მისი თქმით, ამგვარი მთავრობა შეძლებს იმუშაოს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებასა და მოხსნაზე, ასევე იმაზე, რომ დაიწყოს „პრივილეგირებული დიალოგი მოსკოვთან“. ეს სანქციები დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთს 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაუწესეს. ლავარინი ამბობს, რომ მის პარტიას აქვს სურვილი გადახედოს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას, მათ შორის იმ გადაწყვეტილებებსაც, რომლებიც იტალიის ნატოში და ევროზონის წევრობას შეეხება, ამ განხილვის შედეგად კი გადაწყვეტილებები მიიღება "რუსეთთან სტრატეგიული კავშირების გაუმჯობესების" საკეთილდღეოდ.

„ლიგა“ და „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგებიან და მიაჩნიათ, რომ „ამ სანქციებმა იტალია ისევე დააზარალა, როგორც რუსეთი“. 2016 წელს, „ლიგის“ მიერ მართულმა იტალიის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე რეგიონმა რეზოლუციები შეიმუშავა, რომლებითაც ისინი მოითხოვდნენ ოფიციალურ რომს ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილად ეღიარებინა. იმავე წელს „ლიგის“ წევრ პოლიტიკოსთა და იმ ბიზნესმენთა ნაწილი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით „დაზარალდა“, ყირიმში ჩავიდა.

კრემლის მიმართ დადებითად განწყობილი სხვა ევროპული პოლიტიკური პარტიების მსგავსად, „იტალიის ძმები“, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ და „ლიგა“ რუსეთს ევრკავშირის საპირწონედ მიიჩნევენ. „ლიგას“ რუსეთის მმართველ პარტია „ერთიან რუსეთთან“ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაც კი აქვს გაფორმებული.

„ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრებმა მოიწონეს მოსკოვის სამხედრო ინტერვენცია სირიაშიც. „ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს“ კი უკრაინაში „მაიდნის პროტესტის“ წაქეზებაში ადანაშაულებდნენ, როს შედეგადაც პრო-რუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. იგივე მოძრაობამ არაერთხელ მოუწოდა ევროკავშირს, მოეხსნა რუსეთისთვის სანქციები. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის იტალია მეორე უდიდესი ექსპორტიორი ქვეყანაა რუსეთისთვის და სანქციების შემდეგ ეს ექსპორტი პრაქტიკულად განახევრდა.

ამერიკის სადაზვევრო სამსახურებსა და იტალიის შესაბამის სამსახურებს შორის თანამშრომლობა არც ისე „ახლოა“, როგორც დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან. ეს ურთიერტობა 2009 წელს გაუარესდა, როდესაც იტალიის სასამართლომ ამერიკის „დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს“ ადგილობრივი ხელმძღვანელი და კიდევ 22 ამერიკელი - ანუ პრაქტიკულად ყველა ოპერატიული მუშაკი იმაში, რომ ისინი ჩართულნი იყვნენ მუსლიმი სასულიერო პირის მილანიდან გატაცების და ეგვიპტისთვის გადაცემის საქმეში 2003 წელს.

ცივი ომის შემდეგ ქვეყნის ქრისტიან-დემოკრატიული მთავრობებს მუდამ ჰქონდათ რუსეთთან ბიზნეს კავშირები და ენერგეტიკასთან დაკავშირებული შეთანხმებები. 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირში იმპორტირებული ინდუსტრიული აღჭურვილობის ნახევარი იტალიაში იყო წარმოებული.

იტალიის მემარცხენე-ცენტრისტული და მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობები რუსეთთან ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კავშირებს ბერლინის კედლის დანგრევიდან მოყოლებული არასდროს წყვეტდნენ, განსაკუთრებით კი ბერლუსკონის მთავრობა, რომელსაც ვლადიმირ პუტინთან „ახლო მეგობრობა“ ჩამოუყალიბდა. 2015 წელს ის პუტინთან ერთად ყირიმშიც ჩავიდა. ოფიციალურ პირები, რომლებიც მოსკოვის საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე მუშაობენ, ამბობენ, რომ ეჭვი არ ეპარებათ, იტალიისა და რუსეთის კავშირები გაღრმავდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG