ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის მხარდაჭერა და ევროპის უსაფრთხოების მომავალი



ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს "მოძველებული" ორგანიზაცია უწოდა. მისმა განცხადებამ ევროპელი ლიდერები შეაფიქრიანა, რადგან ნატო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის უსაფრთხოების საფუძველია. ლიდერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დროა, ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად იზრუნოს. მაგრამ როგორც ირკვევა, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე კონტინენტის თავდაცვის [ბიუჯეტს] დიდი გარღვევა ემუქრება.


გერმანიის შეიარაღებული ძალები ლიტვაში გასამგზავრებლად ემზადებიან. ჩრდილო-ატლანტიკურმა ორგანიზაციამ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში 4,000 ჯარისკაცის განთავსება გადაწყვიტა. ამ სვლამ საზღვრისპირა ქვეყნების სიმშვიდე უნდა უზრუნველყოს. მაგრამ რას ნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამასწინანდელი განცხადება, რომ ნატო "მოძველდა"?

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი:

"უკრაინის, სირიის, სამხრეთი ჩინეთის ზღვის, ჩრდილოეთი კორეისა და სხვა კრიზისების შემდეგ, პანიკის ნიშნები, როგორ ჩანს, ტრანსატლანტიკურ ალიანსშიც შეინიშნება. მოძველებულია თუ არა ნატო? აპირებს აშშ ევროკავშირის უგულვებელყოფას, თუ ევროპა კვლავაც ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება?"

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, რომ ევროპის ბედი ევროპისავე ხელშია, მაგრამ აშშ-სთან ალიანსის გაწყვეტის შემთხვევაში, ევროკავშირს პოლიტიკის დრამატულად გადაწყობა მოუწევს.

ჯონათან ეიელი, სამეფო სერვისების გაერთიანებული ინსტიტუტი:

"ევროპის კავშირის ქვეყნები უფრო ახლო თანამშრომლობაზე მსჯელობენ, მაგრამ ამერიკის სამხედრო ძალას უბრალოდ ვერაფერი ჩაანაცვლებს. ნატოს სამხედრო აქტივების თითქმის 75% შეერთებულ შტატებს ეკუთვნის."

გერმანია - და ნატოს კიდევ რამდენიმე ევროპელი მოკავშირე - თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტზე გაცილებით ნაკლებს ხარჯავს, მიუხედავად 2014 წელს ნაკისრი ვალდებულებისა.

ჯონათან იეილი, სამეფო სერვისების გაერთიანებული ინსტიტუტი:

"გერმანია გვპირდება, რომ თავდაცვის ხარჯებს გაზრდის, მაგრამ ხარჯების საგრძნობ ზრდას - განსაკუთრებით გერმანიაში არჩევნების წელს -დიდი მანძილი გვაშორებს."

ნატოს წამყვანი წევრები - საფრანგეთი, გერმანია და იტალია - ევროკავშირის ქვეყნებს უფრო მჭიდრო სამხედრო და სადაზვერვო თანამშრომლობისაკენ მოუწოდებენ. ამ მოწოდებას ბრიუსელის ოფიციალური პირებიც ემხრობიან.

ფედერიკა მოგერინი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი:

"პირველ რიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპელები საკუთარ უსაფრთხოებას სერიოზულად უყურებენ. ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგა ბრიტანეთის რეფერენდუმამდე, აშშ-ის არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე დავიწყეთ, რადგან უსაფრთხოება ევროპელთა პრიორიტეტია."

ბრიტანეთმა ევროკავშირის სამხედრო ალიანსის შექმნის მცდელობა იმის შიშით დაბლოკა, რომ ეს ნაბიჯი ნატოს ძირს გამოუთხრიდა.

მაგრამ რადგან ბრიტანეთი ევროკავშირს უახლოეს წლებში დატოვებს, მოწოდებები ევროკავშირის შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ შესაძლოა კვლავ გააქტიურდეს.


XS
SM
MD
LG