ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ადამიანის უფლებებს ორივე მხარე არღვევს


პრო-რუსული მებრძოლები ლუგანსკში, 15 ოქტომბერი, 2015
პრო-რუსული მებრძოლები ლუგანსკში, 15 ოქტომბერი, 2015

გაეროს ანგარიშის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინში, პრო-რუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სამ მილიონზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად არის უკანონო დაკავების, წამების და გატაცების საფრთხის წინაშე.

გაეროს ანგარიშის თანახმად, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, აღმოსავლეთ უკრაინაში სამოქალაქო მსხვერპლი შემცირდა. თუმცა, ორგანიზაციის ადამიანის უფლებების ოფისი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტები რეგულარულად ხდება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, გრძელდება საარტილერიო ცეცხლი, ხოლო სახმელეთო ნაღმები სამოქალაქო მოსახლეობას ყოველდღიურად უქმნის საფრთხეს. უკანასკნელი მონაცემების თანახმად, ორი წლის წინ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ ომის დაწყების შემდეგ 9 000 ადამიანია მოკლული და 21 ათასზე მეტი დაშავებული.

გაეროს გამომძიებლები აცხადებენ, რომ მინსკის შეთანხმების პირობების შესრულება კრიტიკული მნიშნვნელობისაა დაპირისპირების დასასრულებლად. ასევე, აუცილებელია აღმოსავლეთ უკრაინიდან მძიმე არტილერიის სრულად გაყვანა.

გაეროს ადამიანის უფლებების განყოფილების ხელმძღვანელი ჯიანი მაგაზენი ამბობს, რომ ეუთოს დამკვირვებლები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსეთის მხრიდან მუშაობენ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევას აფიქსირებენ ყოველდღიურად.

ორ ქვეყანას შორის საზღვრის დაუცველობა ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს. „ყოველდღიურად, დაახლოებით 9 500 ადამიანი კვეთს საზღვრის ამ მონაკვეთს, რომელსაც უკრაინის მთვარობა არ აკონტროლებს... მათ შორის არიან სამხედრო ტანისამოსში გამოწყობილი ადამიანებიც,“ აცხადებს მაგაზენი.

გაეროს მაღალჩინოსანი ასევე ამბობს, რომ უკრაინის მიერ საზღვარზე სრული და ეფექტური კონტროლის აღდგენას დიდი მნიშვნელობა ექნება ამუნიციის, იარაღისა და მებრძოლების რუსეთიდან უკრაინაში შედინების აღსაკვეთად.

მაგაზენის თქმით, გარდა იმისა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლა გრძელდება, სეპარატისტსების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე კანონის უზენაესობა არ ვრცელდება. ამის გამო, იქ მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებულად არიან უფლებების შელახვის საფრთხის წინაშე.

გაეროს წარმომადგენელები აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობას ნოემბრიდან თებერვლამდე აკვირდებოდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში ასევე დაფიქსირდა უკრაინის პოლიციისა და უშიშროების სამსახურების მიერ სავარაუდო კანონდარღვევები. ამაში შედის უსაფუძვლო დაკავებები, წამება და არა-ადამიანური მოპყრობა.

ადამიანის უფლებების ანგარიში ყირიმში მცხოვრებ თათრებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი უწყვეტი რეპრესიებისა და დაშინების მსხვერლი არიან. სამშვიდობო დემონსტრაციებზე ყირიმელ თათრებს დაპატიმრება და სავარაუდოდ, „ტერორისტული ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდება ემუქრებათ.

XS
SM
MD
LG