ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ტვიტერმა" კორონავირუსზე თეთრი სახლის მრჩევლის ტვიტი დაბლოკა


"ტვიტერმა" ამერიკის პრეზიდენტის გარემოცვის კიდევ ერთი წევრის განცხადება დაბლოკა. ამჯერად ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ისეთი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელსაც ზიანის მოტანა შეუძლია, სკოტ ატლასის განცხადება დაიბლოკა. სკოტ ატლასი რადიოლოგია, კონვსერვატიული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი მეცნიერების მიმართულებით და კორონავირუსთან ბრძოლის თეთრი სახლის სპეციალური გუნდის წევრი.

"ნიღბები მუშაობს? არა", - დაწერა მან "ტვიტერზე" გასულ უქმეებზე. "ასოშეითედ პრესისთვის" გაკეთებული განმარტების თანახმად, "ტვიტერმა" ეს კომენტარი კომპანიის პოლიტიკის დარღვევად მიიჩნია. პოლიტიკის, რომელიც კრძალავს კორონავირუსთან დაკავშირებით შესაძლო ზიანის მომტანი, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას.

ახლა მის ამ "ტვიტზე" სპეციალური განცხადებაა განთავსებული, რომლის თანახმადაც ის ახლა მიუწვდომელია.

ატლასმა ამ თემაზე კიდევ ერთხელ დაწერა, სადაც პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამ საკითხის რეგულირებასა და ლიდერობას აქებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის მითითება მართებულია იმის შესახებ, რომ ნიღბები კონკრეტული დანიშნულებით უნდა იყოს გამოყენებული - მაშინ, როდესაც ძლიერ ახლო კონტაქტია ადამიანებთან, მით უმეტეს მაღალი რისკის არსებობის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში კი, მისი თქმით, სოციალური დისტანციის დაცვაა საჭირო.

"ტვიტერმა" პრეზიდენტ ტრამპის რამდენიმე "ტვიტიც" დაბლოკა, სადაც ის კორონავირუსზე ან ფოსტით ხმის მიცემის თაობაზე საუბრობდა. გასულ კვირას კომპანიამ ტრამპის კამპანიიას დროებით დაუბლოკა დემოკრატი მეტოქის შესახებ ამბის გამოქვეყნებაც. კონგრესმენთა ნაწილი "ტვიტერს", "ფეისბუქსა" და სხვა კომპანიებს არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პრეზიდენტის მიმართ მიკერძოებაშიც ადანაშაულებენ, ზოგიერთი მათგანი კომპანიის ლიდერების კონგრესის წინაშე წარდგომასაც მოითხოვს.

"ტვიტერმა" "ასოშეითედ პრესს" უთხრა, რომ მცდარი ინფორმაციის განმარტებისას ჯანდაცვის სპეციალისტების შეფასებებს ეფუძნება. სექტემბერში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა რობერტ რედფილდმა კონგრესის წინაშე განაცხადა, რომ ნიღბები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია კოვიდ 19-ის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG