ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქ ფილანთროპს უვადო პატიმრობა მიესაჯა


ორშაბათს, თურქ ფილანთროპ ოსმან კავალას, პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. კავალას ბრალი მთავრობის დამხობის მცდელობაში ედებოდა, რაც პროტესტების დაფინანსებაში გამოიხატებოდა. ევროპის უმაღლესი სასამართლო და დასავლეთის სახელმწიფოები აცხადებენ, რომ ეს საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

64 წლის კავალა, მსჯავრის გარეშე, 4,5 წლის განმავლობაში ციხეში იმყოფებოდა და უარყოფდა ბრალდებას გეზის პროტესტების თაობაზე, რომელიც 2013 წელს, სტამბოლის პარკში პატარა დემონსტრაციებით დაიწყო და მთავრობის საწინააღმდეგო ეროვნული მასშტაბის მღელვარებებში გადაიზარდა.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ განაჩენით „ღრმად შეწუხებული და გაწბილებულია“.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის „უსამართლოა“ და „არ შეესაბამება ადამიანის უფლებებს, ფუნდამენტურ თავისუფლებებს და კანონის უზენაესობის პრინციპს“.

მთავრობის დამხობის მცდელობისთვის, სასამართლომ კიდევ 7 ადამიანს მიუსაჯა 18 წლიანი პატიმრობა და მათი დაკავების ორდერები გასცა.

სასამართლოს დარბაზში 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ ოპოზიციის წევრები, დასავლელი დიპლომატები და უფლებადამცველი აქტივისტები.

კავალამ, 2017 წელს მის დაკავებამდე, თურქეთის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში წამყვანი როლი ითამაშა.

შეერთებულმა შტატებმა თურქეთს კავალას გათავისუფლებისკენ მოუწოდა

XS
SM
MD
LG