ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არეულობა თურქეთში


თურქეთის უკანასკნელი წლების ისტორიაში ეს არამარტო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოსვლა იყო, არამედ ყველაზე დიდი ძალადობითაც აღინიშნა

თურქეთის პრემიერი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და სამი დღის განმავლობაში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებს „ტერორიზმთან მხარდამხარ მებრძოლ“ „ექსტრემისტულ ელემენტებს“ აბრალებს. ორშაბათი დილა სტამბოლის თაქსიმის მოედანზე შედარებით მშვიდად გათენდა. თუმცა იქ ჯერ კიდევ ნახავდით ბანერების და ბარიერების ნარჩენებს. ბოლო დღეებში გამართული ანტისამთავრობო დემონსტრაციები თურქეთის უკანასკნელი წლების ისტორიაში არამარტო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო, არამედ ყველაზე დიდი ძალადობითაც აღინიშნა.

აქცია, რომელიც თავიდან სტამბოლის ერთ-ერთი პოპულარულ პარკში მშენებლობის დაწყების გეგმის წინააღმდეგ იყო მიმართული, მასობრივ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა. სტამბოლში და ანკარაში მომიტინგეების წინააღმდეგ, რომელთა ნაწილი ერდოღანის ოფისისკენ მიემართებოდა, პოლიციამ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გასულ კვირას დაპატიმრებულთა რაოდენობამ 1 700-ს გადააჭარბა, თუმცა მათი უმრავლესობა უკვე გათავისუფლებულია.

თურქების ერთი ნაწილი ერდოღანს ავტორიტარიზმში ადანაშაულებს. საერთაშორისო უფლებადამცველები ხელისუფლებას მიტინგის დაშლის დროს ძალის გადამეტებაში დებენ ბრალს. დასავლეთის მოკავშირეები, მათ შორის შეერთებული შტატები, თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებს მოსახლეობის მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების ერთგული დარჩეს.
XS
SM
MD
LG