თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა საუდის არაბეთს დაჟინებით მოსთხოვა, მოკლული საუდი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის გვამის ადგილმდებარეობა გაამჟღავნოს და დაასახელოს „ადგილობრივი დამხმარე“, რომელმაც საუდის საკონსულოში ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ, სავარაუდოდ მისი გვამი მოიცილა.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა თქვა, რომ ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებით ანკარას მეტი სამხილები აქვს, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა. მან ასევე თქვა, რომ საუდის არაბეთის მთავარი პროკურორი კვირას სტამბოლს ეწვევა და ხაშოგის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, თურქ ოფიციალურ პირებს შეხვდება.
ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში საუდის არაბეთმა აღიარა, რომ თურქეთის მიერ მიწოდებულ სამხილებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, მკვლელობა წინასწარ განზრახვით მოხდა.
გაურკვეველი დარჩა, თუ მკვლელობა ვინ დაგეგმა. საუდის განცხადებაში ნათქვამია: „პროკურორი ეჭვმიტანილებთან გამოძიებას აგრძელებს... რათა მართლმსაჯულების პროცედურა შესრულდეს.“ საუდის არაბეთში, მკვლელობასთან დაკავშირებული ხუთი ოფიციალური პირი დაითხოვეს და 18 ეჭვმიტანილი დააკავეს.
საერთაშორისო კრიტიკოსებმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩათვლით, განაცხადეს, რომ მკვლელობაზე საბოლოო პასუხისმგებლობა საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველს, ტახტის მემკვიდრე მოჰამედ ბინ სალმანს ეკისრება.
პარასკევს კრემლმა განაცხადა, რუსეთს სჯერა, რომ საუდის სამეფო კარი ჟურნალისტის მკვლელობაში არ მონაწილეობდა. მოსკოვი აცხადებს, რომ საუდის მეფის და ტახტის მემკვიდრის ოფიციალურ განცხადებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არავის უნდა ჰქონდეს.