ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი პირობას დებს, რომ შეცდომებს გამოასწორებს 


პრეზიდენტმა რეჯეპ ტაპ ერდოღანმა ორშაბათს პირობა დადო, რომ გამოასწორებს ნებისმიერ შეცდომას, რამაც თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში, მისი პარტიის დამარცხება გამოიწვია. წინასაარჩევნო პერიოდში, ოპოზიციის ფოკუსში ეკონომიკური პრობლემები იყო.

კვირას გამართულ არჩევნებში, ერდოღანისა და მისი “სამართლიანობის და აღორძინების” პარტიამ (AKP) ყველაზე უარესი მარცხი განიცადა 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რამაც ოპოზიციურ პარტიებს სტიმული მისცა და გააძლიერა სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს კანდიდატურა, როგორც პრეზიდენტის მთავარი კონკურენტის.

"რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ" (CHP), თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის პარტიამ, ქვეყნის მასშტაბით 38%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა და ორი ქულით უსწრებს AKP-ს. მან პირველად გადალახა მხარდაჭერის 25%-იანი ზღვარი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქონდა.

CHP-ის იმამოღლუმ სტამბოლში, თურქეთის უდიდეს ქალაქში, 51%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა და 11 პროცენტული პუნქტით უსწრებს კონკურენტს AKP-დან მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვები ახლო პოზიციებით რბოლაზე მიუთითებდა.

ათწლეულების განმავლობაში, "რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ" (CHP) პირველად მიიღო მოსახლეობის უმეტესობის მხარდაჭერა, მოიცვა ძირითადი ქალაქების უმეტესობა და შეაღწია კონსერვატიულ ცენტრალურ თურქეთშიც.

ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ 70%-იანი ინფლაციის შედეგად გამოწვეული ცხოვრების პირობების გამო, ამომრჩევლებმა მოთმინება დაკარგეს.

შედეგი ცვლის ერდოღანის გეგმებს, რომელსაც სურდა ახალი კონსტიტუციის მიღება, რაც პოტენციურად გაახანგრძლივებდა მის მმართველობას 2028 წლის მიღმა, როცა მისი ვადა იწურება. მიუხედავად იმისა, რომ AKP-ს და მის მოკავშირეებს კვლავ აქვთ უმრავლესობა პარლამენტში, ერდოღანს სჭირდება უფრო ფართო მხარდაჭერა ან წარმატებული რეფერენდუმი, ახალი კონსტიტუციისთვის.

ერდოღანმა ორშაბათს თქვა: ”ეს ჩვენთვის არ არის დასასრული, მაგრამ რეალურად გარდამტეხი მომენტია” და აღიარა AKP-ის მიერ ”სიმაღლის დაკარგვა”.

„თუ ჩვენ შეცდომა დავუშვით, გამოვასწორებთ“, - უთხრა მან ანკარაში AKP-ის შტაბ-ბინასთან შეკრებილ ხალხს.

ერდოღანმა ეკონომიკური პოლიტიკა მკვეთრად შეცვალა, გასულ წელს, საყოველთაო არჩევნებში ტრიუმფის შემდეგ, რამაც გამოიწვია საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი მატება, რათა ინფლაცია გაეკონტროლებინა, რომელიც გაიზარდა მისი მრავალწლიანი არაორდინალური ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში.

XS
SM
MD
LG