საბერძნეთის მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ბოლო ხანებში ჩრდილოეთ აფრიკელი იმიგრანტების მოზღვავებული ნაკადი ქვეყანაში თურქეთის გავლით შემოვა. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან იუწყება, თურქეთი ადამიანთა ტრეფიკინგის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი გახდა.
თურქეთის უსმხვილეს ქალაქ სტამბოლიდან საბერძნეთის საზღვრამდე გზას ავტომანქანით სულ რამდენიმე საათი სჭირდება. სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტი აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლესობას პირდაპირი რეისებით ემსახურება. ამას გარდა გაადვილებული სავიზო რეჟიმის გამო თურქეთში შესვლა შედარებით იოლია.
ხსენებული ფაქტორების ერთობლიობა სტამბოლში იმ ხალხს უყრის თავს, ვისაც ევროკავშირში პოლიტიკური ან ეკონომიკური მიზეზების გამო არალეგალურად შეღწევა სურს. ევროკავშირში შეღწევის მსურველთა უმრავლესობა ეგრეთწოდებულ „შუამავლებს“ ეძებს. „შუამავლები“ არალეგალურ იმიგრანტებს ადამიანის ტრეფიკინგის სფეროში დასაქმებულ პირებს უკავშირებენ, რომლებიც მათ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ხელს უწყობენ.
ერთ-ერთი ამგვარი „შუამავალი“ წარმოშობით დასავლეთ აფრიკელი მაიკლი, რომელიც ნამდვილი სახელის ნაცვლად მეტსახელს იყენებს, აღნიშნავს, რომ რისკის მიუხედავად ადამიანების ტრეფიკინგი სტამბოლში ძალიან მომხიბვლელი ბიზნესი გახდა.
„ძალიან დიდი ბიზნესია. დიდძალი ფული კეთდება. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ამ ბიზნესში ახალი ხალხია ჩართული. მე თითქმის 10 ან 12 კონტაქტი მყავს. საბერძნეთში შეღწევის მთავარი მარშრუტი სახმელეთო ან საზღვაო გახლავთ. გემით მოგზაურობის საშუალება დაახლოებით სამ თვეში ერთხელ მიჩნდება, ხოლო სახმელეთო მარშრუტით კი ყოველ კვირას. თუმცა სახმელეთო მარშრუტი უფრო მეტ რისკს შეიცავს. თუ საკვები გაგითავდა ან ავად გახდი, შეიძლება მოკვდე და ისინი იქვე მიგატოვებენ. არავინ არ მოგივლის. მეორე რისკი ის გახლავთ, რომ თურქეთი და საბერძნეთი დიდი ხნის მანძილზე ერმანეთის მტრები იყვნენ და შედეგად სახმელეთო საზღვრის გაყოლებით ბევრი ნაღმია დამარხული. ამის გამო ხალხი იღუპება,“ აღნიშნა მაიკლმა.
რისკის მიუხედავად ევროკავშირის ცნობით ყოველ წელს საბერძნეთში თურქეთის გავლით 80,000 არალეგალი იმიგრანტი შედის. ერთ-ერთი მათგანია ნიგერიელი დევიდი.
„ერთხელ საბერძნეთში შეღწევა ყველანაირად ვცადე. ისინი დაგვპირდნენ, რომ გემით წაგვიყვანდნენ. შემდეგ კი გასაბერი ნავი დაგვახვედრეს. მანძილის გამო ჩვენ ორი დღე დაგვჭირდა. ჩემთან ერთად მგზავრობდა ორი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც მე სიკვდილისგან გადავარჩინე. ისინი იმდენად შეშინებულები იყვნენ, რომ ვერაფრით დამეხმარნენ. გასაბერ ნავზე ნიჩბებს მხოლოდ მე ვიქნევდი და სწორედ ასე ჩვენ საბერძნეთში მოვხდით. მაგრამ როცა ჩვენ საბერძნეთში აღვმოჩნდით, პოლიციამ დაგვაკავა და სამი კვირით დაგვაპატიმრა,“ აღნიშნა დევიდმა.
საბერძნეთის მთავრობამ დევიდი თურქეთში დააბრუნა, სადაც იგი ახლა საბერძნეთში შეღწევის ახალ გეგმაზე მუშაობს.
არალეგალური იმიგრანტების ნაკადის შეჩერების მიზნით ევროკავშირის სასაზღვრო პოლიცია საბერძნეთის უშიშროების ძალებს მხარში ამოუდგა. ათენი შიშობს, რომ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენების ფონზე არალეგალური იმიგრანტების ნაკადი გაიზრდება.
მიმდინარე თვის დასაწყისში არალეგალური იმიგრაციის საკითხის განხილვის მიზნით საბერძნეთის მინისტრი კრისტოს პაპუტსისი ანკარას ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ექსპერტების შეფასებით ადამიანთა ტრეფიკინგი მრავალმილიონიანი ბიზნესი გახდა. ტრეფიკინგში მონაწილე პირები კონკურენტების წინააღმდეგ სულ უფრო დახვეწილ მეთოდებს იყენებენ. ამასობაში სტამბოლი არალეგალი იმიგრანტების ცენტრი ხდება. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ლიბიასა და რეგიონის სხვა ქვეყნებში მზარდი დესტაბილიზაციის ფონზე მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე ადამიანთა ტრეფიკინგის მესვეურებს ბევრი სამუშაო გაუჩნდებათ.