ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ევროკავშირს სავიზო რეჟიმის გაუქმებას თხოვს


თურქეთი ევროკავშირს სავიზო რეჟიმის გაუქმებას თხოვს
თურქეთი ევროკავშირს სავიზო რეჟიმის გაუქმებას თხოვს

ევროკავშირის მონაცემებით თურქეთიდან საბერძნეთში ჩასულ არალეგალურ იმიგრანტთა რაოდენობამ 80 ათასს მიაღწია. ბრიუსელი ანკარას მათ დეპორტაციას და უკან მიღებას სთხოვს, მაგრამ, ჯერჯერობით ყოველგვარი წარმატების გარეშე.

ანკარა კატეგორიულ პირობას უყენებს ევროკავშირს: ის დათანხმდება იმიგრანტთა დაბრუნებაზე, თუკი ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გააუქმებს.

სელიმ იენელი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ორმხრივი ურთიერთობის და სახალხო დიპლომატიის საკითხებში, აცხადებს:

„ეს შეიძლება ორი სხვადასხვა საკითხი იყოს, მაგრამ ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ევროკავშირი სავიზო საკითხებთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეს. თუ არა და, დეპორტაცია არ მოხდება“.

ანკარაში გამართულ დიპლომატიურ შეხვედრაზე თურქეთის მთავრობამ კვლავ წამოჭრა სავიზო რეჟიმის მოხსნის საკითხი. დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ახმედ დავუთოღლუ, შეხვდა ევროკავშირის ახალ კომისარს გაფართოების საკითხებში. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ევროკავშირმა გასული წლის დეკემბერში სამ არაწევრ ქვეყანას გაუუქმა სავიზო რეჟიმი: მაკედონიას, სერბეთს და მონტენეგროს.

ევროკავშირის კომისარმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ საბერძნეთში თურქეთიდან მარტო ერთ წელიწადში 45 ათასზე მეტმა არალეგალურმა იმიგრანტმა შეაღწია. მსგავსი ნაკადი მოსალოდნელია ლიბიიდან და რეგიონის სხვა მრავალი ქვეყნიდან. საბერძნეთის ოფიციალური პირების განცხადებით, არალეგალთა რიცხვი შესაძლოა 300 ათასს აღწევდეს. თუმცა, თურქეთის მხარე ამ არგუმენტის სრულ იგნორირებას ახდენს და აცხადებს, რომ არანაირ კომპრომისებზე წასვლას ის არ აპირებს.

თურქი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებში ძალიან ბევრი თურქი ბიზნესმენი მოძრაობს, რომლებიც იქ სამუშაო ადგილებს ქმნიან. ამას გარდა, ათასობით თურქი სტუდენტი სწავლობს ევროპაში და მათ იქ ისე ექცევიან, როგორც განვითარებადი ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც პოტენციური არალეგალური იმიგრანტია. თურქეთის მთავრობას სურს მისი მოქალაქეების ამ დამამცირებელ მდგომარეობას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს.

ევროკავშირის გაერთიანებულ მწვანეთა პარტიის ლიდერის, დანიელ ქონ-ბენდიტის თქმით, ანკარა ვერ ხვდება, თუ რას მოითხოვს ის ევროპისგან:

თავისუფალი სავიზო რეჟიმის შემოღება ძალზე დიდი კარის გახსნაა. თურქეთი უზარმაზარი ქვეყანაა. ჩვენ ამ საკითხზე უკვე 10 წელია თურქებთან ვდავობთ“.

თურქეთის სახელმწიფო 1999 წლიდან ცდილობს 27-ეროვან კავშირში გაერთიანებას. მოლაპარაკებები კანდიდატის ევროკავშირში სრულუფლებიან წევრად მიღებაზე ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო. თუმცა თურქეთის მთავრობის უთანხმოება საემიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით ბრიუსელში ამ პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად რჩება.

XS
SM
MD
LG