ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის საზღვართან ლტოლვილთა მოზღვავებაა


იტალიის საზღვართან ლტოლვილთა მოზღვავებაა
იტალიის საზღვართან ლტოლვილთა მოზღვავებაა

იმიგრანტთა მოზღვავებული ნაკადის გამო იტალიის მთავრობა ევროკავშირისგან დახმარებას ითხოვს

იტალიის მთავრობა ევროკავშირისგან დახმარებას ითხოვს იმიგრანტთა და ლტოლვილთა მოზღვავებული ნაკადის გამო, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში მომხდარმა ამბებმა გამოიწვია. ევროკავშირის სააგენტოები იუწყებიან, რომ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების ფონზე იტალიას თავშესაფრის თხოვნით შეიძლება დაახლოებით მილიონ ნახევარმა ლტოლვილმა მიმართოს. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი მილ არსეგა იუწყება, არალეგალური იმიგრაციის საკითხი ევროპის ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

ლიბიაში, ეგვიპტესა და ტუნისში სახალხო გამოსვლებით გამოწვეული ქაოსისგან თავის დაღწევას ასობით არალეგალი იმიგრანტი ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთით ცდილობს.

როგორც წესი, იტალიის სანაპირო დაცვა ზღვის ამ მონაკვეთში პატრულირებას ახორციელებს ნარკოტიკებით მოვაჭრეების დაკავების მიზნით. მაგრამ, როგორც იტალიის სანაპირო დაცვის სამსახური იუწყება, კუნძულ ლამპედუზაზე იტალიელმა მესაზღვრეებმა 6,000-ზე მეტი ლტოლვილი დააკავეს. აღსანიშნავია, რომ კუნძული ლამპედუზა ტუნისის სანაპიროსგან 120 კილომეტრით არის დაშორებული.

გასულ ხუთშაბათს ბრიუსელში ევროპის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იტალიის მინისტრმა რობერტო მარონიმ განაცხადა, რომ მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში იტალიაში უფრო მეტმა ლტოლვილმა შეაღწიოს.

„ევროკავშირის სასაზღვრო დაცვის სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია, რომ იტალიაში მილიონ ნახევარი ლტოლვილი შეაღწევს, რაც ნებისმიერ სახელმწიფოს დააჩოქებს,“ განაცხადა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტო მარონიმ.

მარონის სურს, რომ ევროკავშირმა სოლიდარობის ფონდი შექმნას, რომელიც ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც ლტოლვილთა ნაკადს პირველები მიიღებენ. ევროპის შინაგან საქმეთა მინისტრები ჩრდილოეთ აფრიკაში ხალხის დემოკრატიისადმი ლტოლვას მიესალმებიან, მაგრამ რაც შეეხება დემონსტრაციებით გამოწვეულ დესტაბილიზაციას, ამ მხრივ მათ შორის აშკარა აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება.

გერმანიასა და ავსტრიას მიაჩნიათ, რომ ლტოლვილთა ნაკადის რაოდენობრივი შეფასება გაზვიადებულია, მაშინ როცა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ალფრედო რუბაკალბას მიაჩნია, რომ აუცილებელია ერთიანი საპასუხო ზომების შემუშავება.

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ მიმდინარე კვირის მანძილზე იტალიაში ჩასული მიგრანტები, მხოლოდ იტალიის სადარდებელია. არა, ისინი ხომ ევროპაში შევიდნენ, რადგან იტალია ევროპის კარიბჭეს წარმოადგენს. სწორედ ამის გამო ეს პრობლემა ერთობლივ მიდგომას მოითხოვს რადგან ეს საკითხი ჩვენ ყველას გვადარდებს,“ აღნიშნა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენები რეგიონზე მნიშნველოვან ეკონომიკურ გავლენას მოახდეს. ვაშინგტონში გასულ ოთხშაბათს გამოსვლისას ტუნისის ცენტრალური ბანკის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა მუსტაფა ნაბლიმ განაცხადა, რომ მუშების ახალი ტალღა ევროპას მხოლოდ სარგებელს მოუტანს. ამასთან დაკავშირებით მან კერძოდ აღნიშნა:

„ჩვენ ციფრებს გადავხედეთ და თუ გავითვალისწინებთ ევროპაში შექმნილ დემოგრაფიულ მდგომარეობას, ჩრდილოეთ აფრიკელი მუშების მნიშვნელოვანი რაოდენობის მიღება ევროპას არ გაუჭირდება. ამდენად სახეზეა დადებითი და არა უარყოფითი ნულოვანი ჯამის თამაში.“

შინაგან საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ დამატებით სამუშაო ძალას საცხოვრებელი სივრცე დასჭირდება. ამას გარდა მასობრივი იმიგრაციის ფონზე არსებობს საშიშროება, რომ ტერორისტული დაჯგუფებები იმიგრანტების მოზღვავებულ ნაკადს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებენ.

XS
SM
MD
LG