ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის განცხადებას გოლანის მაღლობების სტატუსზე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროა ამერიკამ გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელება აღიაროს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა.

„52 წლის შემდეგ, დადგა დრო, შეერთებულმა შტატებმა აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ისრაელის უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობისთვის!“ - აღნიშნავს ე.წ. ტვიტში პრეზიდენტი ტრამპი. განცხადება ემთხვევა ამერიკის სახელმწიფო მდივნის ისრაელში ვიზიტს.

მაიკ პომპეო ხუთშაბათს ქალაქ იერუსალიმს ეწვია. ის შეერთებული შტატების ყველაზე მაღალი ჩინის მქონე სახელმწიფო მოხელეა, ვინც ისრაელს და პალესტინელებს შორის სადავო ტერიტორიაზე ჩავიდა და ისრაელის ლიდერის, ბენიამინ ნეთაინაჰუს თანხლებით, გოდების კედელი მოინახულა.

გოლანის მაღლობები ისრაელის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე 1 800 კილომეტრიანი ტერიტორიაა. ისრაელმა ის 1967 წელს, ექვსდღიანი ომის შემდეგ დაიპყრო. მაღლობებს მას შემდეგ, ისრაელი აკონტროლებს, თუმცა შეტაკებები და დაძაბულობა დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა. ისრაელმა გოლანის მაღლობების ანექსია ფორმალურად 1981 წელს განახორციელა. საერთაშორისო საზოგადოება ანექსიას არ ცნობს და გოლანის მაღლობებს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.

დღეს სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ნაბიჯი "უპასუხისმგებლოა" და ის გაეროს უშიშროების საბჭოს 497-ე რეზოლუციას არღვევს. ისრაელის ლიდერის აზრით კი, ტრამპმა "ისტორიული" განცხადება გააკეთა. მან შეერთებულ შტატებს გვერდზე დგომისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებული განცხადებითაც, გოლანის მაღლობებისთვის სტატუსის შეცვლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებების დარღვევა იქნება. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის თქმით, ტრამპის განცხადებამ რეგიონი "ახალი კრიზისის და ახალი დაძაბულობების" ზღვარზე დააყენა.

ევროპის კავშირი აცხადებს, რომ ის "საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, არ აღიარებს ისრაელის სუვერენიტეტს, ისრაელის მიერ 1967 წლის ივნისის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გოლანის მაღლობების ჩათვლით და არ განიხილავს მათ ისრაელის ტერიტორიის ნაწილად". გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროც უარყოფს ცალმხრივ ნაბიჯებს და ამბობს, რომ სახელმწიფო საზღვრების გადახედვა მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა მოხდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG