ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შოტლანდიელი პარლამენტარები ბრიტანეთს სასამართლოში უჩივიან


ტერეზა მეი უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ ის ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხთან დაკავშირებით უკეთესი გამოსავალს აღარ ეძებს.

ბრიტანეთის პარლამენტის ჩრდილოეთ ირლანდიელმა წევრმა, არლენ ფოსტერმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში დროის ფუჭი ხარჯვა იყო, რადგან პარლამენტი მას მხარს მაინც არ დაუჭერს. ფოსტერის პარტიას „საპარლამენტო პაქტი“ აქვს გაფორმებული კონსერვატულ მთავრობასთან, რომ საკვანძო გადაწყვეტილებებში მას დაუჭერს მხარს, თუმცა ამჟამად მათი კავშირი შეიძლება დაირღვეს. ეს კი მაშინ, როდესაც ტერეზა მეი ცდილობს მისი შემოთავაზებული გეგმისთვის საკმარისი რაოდენობის ხმები მოიპოვოს და პარლამენტმა ის ორი კვირის ვადაში დაამტკიცოს.

თავდაცვის ყოფილი მდივანმა მაიკლ ფალონმა „ბი-ბი-სი“-ს უთხრა, რომ ეს შეთანხმება განწირულია და გარკვეული პირობები თავიდან უნდა იყოს განხილული. პრემიერ-მინისტრი კი ირწმუნება, რომ ის მთელი ბრიტანეთის ინტერესების საკეთილდღეოდ მოქმედებს.

ბრიტანელი კანონმდებლების და მთავრობის წევრების აზრი "ბრექსიტთან" დაკავშირებით გაყოფილია. 2016 წლის ივნისში ბრიტანეთის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან. ევრობლოკი ქვეყანამ 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა დატოვების, "გასვლის" პირობებზე შეთანხმება გართულდა, როგორც თავად ბრიტანეთის ხელისუფლებაში, ისე ევროკავშირთან.

მოლაპარაკების ერთ-ერთი ყველაზე რთული თემა ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხია, რომელიც ევროკავშირს ბრიტანეთთან ერთად ტოვებს და ამავე დროს ირლანდიას ესაზღვრება, რომელიც ევროკავშირში რჩება. ამჟამად, ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის ღია საზღვარია, რაც მიმოსვლასა და თავისუფალ სავაჭრო კომუნიკაციას უზრუნველყოფს.

გუშინ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაც გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ „ბრექსიტის“ არსებული გეგმით წარმართვა შესაძლოა საზიანო იყოს ამერიკა- ბრიტანეთის სავაჭრო ურთიერთობისა და ხელშეკრულებისთვის. მისი თქმით, აუცილებელია ყურადღებით იყოს შესწავლილი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შესახებ შეთანხმება, რადგან მისი პირობების თანახმად, შესაძლოა ბრიტანეთმა სულაც ვერ შეძლოს ამერიკასთან ისეთი ვაჭრობა, როგორც იგეგმებოდა. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, შეთანხმების რომელი ნაწილი აშფოთებს ყველაზე მეტად და რამ შეიძლება შეაფერხოს ბრიტანეთისა და ამერიკის ორმხრივი ვაჭრობა.

შოტლანდიელი პოლიტიკოსების ჯგუფმა, რომელიც „ბრექსიტს“ ეწინააღმდეგება, ევროპის უმარლეს სასამართლოს მიმართეს. სასამართლომ უნდა დაადგინოს, შეუძლია თუ არა ბრიტანეთს უკან გაითხოვოს თავისი გადაწყვეტილება ევროკავშირის დატოვების შესახებ წევრი სახელმწიფოების თანხმობის გარეშე. თუმცა ევროკავშირის ადვოკატები ამბობენ, რომ ქვეყნებისთვის ამგვარი უფლების მიცემა „დაუსრულებელ გაურკვევლობას“ ჩაუყრის საფუძველს. მოსამართლეების ნაწილიც აცხადებს, რომ ბრიტანეთისთვის „ბრექსიტის“ ცალმხრივად გაუქმების უფლების მიცემა „კატასტროფა“ იქნება.

შოტლანდიელი კანონმდებლები იმედოვნებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საგულისხმო იქნება გაერთიანებული სამეფოს პარლამენტისთვის, რომელსაც ამ შემთხვევაში მეტი შესაძლო ვარიანტი ექნება. პარლამენტმა მალე უნდა უყაროს კენჭი პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას.

ამ კანონმდებლების აზრით, მაშინ, როდესაც პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ორ გამოსავალს - ევროკავშირის კონკრეტული შეთანხმების გარეშე დატოვებას, ან მეის მიერ შემოთავაზებულ გეგმას - გაიხსნება მესამე შესაძლებლობაც - ევროკავშირში დარჩენის ვარიანტი, რომელიც კიდევ ერთხელ დააფიქრებს კანონმდებლებს.

ბრიტანეთის მთავრობა ამ შესაძლებლობაზე აცხადებს, რომ ამგვარი ვარიანტი არ განიხილება და ხელისაუფლება არ აპირებს ევროკავშირის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების შეცვლას. ლონდონი შოტლანდიელი პოლიტიკოსების საჩივარს მხოლოდ დროის გაწელვის და „ბრექსიტის“ შეფერხების მცდელობად აფასებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG