სენატში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ისტორიული, მეორე საიმპიჩმენტო მოსმენები გრძელდება. დღეს, სენატში დაცვის მხარე წარსდგება და ეცდება დაამტკიცოს, რომ პრეზიდენტი "ამბოხის წახალისებაში" დამნაშავე არაა. ეს ბოლო შანსი იქნება დაცვის გუნდისთვის, რომ საკუთარი არგუმენტებით სენატორები დაარწმუნოს, ვინაიდან, კვირის ბოლოს, სენატი საბოლოო საიმპიჩმენტო კენჭისყრას აპირებს. ეს შეიძლება შაბათსვე მოხდეს.
ტრამპის ადვოკატმა, დევიდ შოენმა თქვა, რომ დაცვის მხარეს "3-4 საათი დასჭირდება" იმისთვის, რომ პრეზიდენტის უდანაშაულობა დაამტკიცოს.
შოენს დაცვის ტაქტიკა ჟურნალისტებთან არ განუხილავს, თუმცა თქვა, რომ რიტორიკა კოსნტიტუციის პირველი შესწორების, ანუ სიტყვის თავისუფლების შესახებ იტრიალებს. დაცვის მხარის აზრით, ბრალდებამ ვერ დაატკიცა პირდაპირი კავშირი პრეზიდენტსა და მეამბოხეების ქმედებას შორის.
ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, ორი დღის განმავლობაში, დემოკრატ პროკურორებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი არგუმენტები წარედგინათ სენატისთვის. მათი თქმით, რესპუბლიკელებმა იცოდნენ რა მოხდებოდა, როდესაც პრეზიდენტმა დემონსტრანტებს კაპიტოლიუმთან წასვლისკენ მოუწოდა. სწორედ ამისთვის მოითხოვენ ისინი პრეზიდენტის გამტყუნებას.
"თუ ის [პრეზიდენტის] თანამდებობაზე დაბრუნდება, ისევ იგივე მოხდება და ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება მოგვიწევს", თქვა იმპიჩენტის წამყვანმა მენეჯერმა, ჯეიმი რასკინმა.
13 იანვარს, დემოკრატების მიერ კონტოლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ, იგივე კონგრესის ქვედა პალატამ, პრეზიდენტი "ამბოხის წახალისებაში" დამნაშავედ ცნო. იმისთვის, რომ პროცესი პრეზიდენტის საბოლოო გამტყუნებით დასრულდეს, საჭიროა სენატის 2/3-ის, ანუ 67 სენატორის თანხმობა. ამისთვის დემოკრატებს 17 რესპუბლიკელის დათანხმება დასჭირდებათ. დიდი ალბათობით, ეს არ მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ მოლოდინები არ გამართლდა და პრეზიდენტი ტრამპი, სენატმაც დამნაშავედ ცნო, მაშინ, სენატს ასევე, შეუძლია კენჭი უყაროს რეზოლუციას და დაბლოკოს ტრამპი საჯარო სამსახურის ოდესმე დაკავებისგან. ამ რეზოლუციის მისაღებად, სენატორთა მარტივი უმრავლესობა იქნება საჭირო.
Facebook Forum