შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრიტანეთში ვიზიტისთვის ემზადება. ლონდონში ის 12 ივლისს ჩადის. ეს სამუშაო ვიზიტი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი დედოფალთან მიწვეული არ იქნება.
ტრამპის ვიზიტის პარალელურად, ლონდონში საპროტესტო აქციები გაიმართება. ლონდონის მერმა სადიქ ხანმა დაამტკიცა დემონსტრანტების მოთხოვნა ქალაქში უზარმაზარი ზომის საჰაერო ბუშტის გაშვების შესახებ. ბუშტს პრეზიდენტ ტრამპის სახე ექნება და საბავშვო პამპერსში იქნება ჩაცმული.
6 მეტრის სიმაღლის გასაბერი ბუშტი ტრამპის ვიზიტის დროს ბრიტანეთის პარლამენტის შენობის თავზე იფრენს. დემონსტრანტებმა გასაბერი ბუშტის შესაქმნელად 20 000 დოლარი ინტერნეტის მეშვეობით შეაგროვეს.
„მე ქუჩაში ვიქნები და გავაპროტესტებ. ზოგადად, აქციებზე არ დავდივარ, მაგრამ მჯერა, რომ ტრამპს აქ თბილად არ უნდა დავხვდეთ,“ ამბობს ლონდონის მაცხოვრებელი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
„მე არ ვეთანხმები მის პოლიტიკას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამერიკისთვის ის კარგს აკეთებს. ასე რომ, ის უნდა ჩამოვიდეს როგორც მოკავშირე“, ამბობს ლონდონის კიდევ ერთი მაცხოვრებელი ქამერონ სმიტი.
ტრამპის მხარდამჭერები შიშობენ, რომ პროტესტი ვიზიტის პოლიტიკურ მნიშვნელობას გადაფარავს.
„ჩვენ არ გვინდა რომ პატარა ზომის უმცირესობის ჯგუფი გამოჩნდეს, თითქოს ისინი ბრიტანეთის საზოგადოებას წარმოადგენენ“, ამბობს დევიდ სერჯენთი კონსერვატორული პოლიტიკის ინსტიტუტიდან.
პრეზიდენტი ტრამპი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ტრამპის ინაუგურაციიდან მალევე, ვაშინგტონში შეხვდნენ ერთმანეთს. თუმცა ის, რასაც „განსაკუთრებულ ურთიერთობად“ მოიხსენიებენ, გამოცდის წინაშეა, ამბობს ლესლი ვინჯამური, „ჩეთემ ჰაუსის“ ჯგუფიდან:
“პრეზიდენტ ტრამპის მიერ უკიდურესად-მემარჯვენე ვიდეოს სოციალურ ქსელში გაზიარებამ, ბრიტანეთში დებატები და საპროტესტო აქციები გამოიწვია. მისი ჩამოსვლა ასევე ემთხვევა მის მიერ ევროპულ ნაწარმზე ტარიფების დაწესებას, ის ასევე გამოეყო ირანის ბირთვულ შეთანხმებას“.
ტრამპი ბრიტანეთს პოლიტიკურად მნიშვნელოვან დროს სტუმრობს, როცა ქვეყანა ევროპის კავშირიდან გამოსვლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს . არსებობს მოლოდინი, რომ 2019 წლის მარტამდე ბრიტანეთი ევროპის კავშირთან შეთანხმებას ვერ მოახერხებს.
„ბრექსიტის ეპოქაში ჩვენ გვჭირდება ალიანსების შექმნა და არ არსებობს შეერთებულ შტატებზე დიდი მოკავშირე“, ამბობს სერჯენტი.
ლესლი ვინჯამურს იმედი აქვს, რომ მხარეები მოკავშირეობას კიდევ ერთხელ გაუსვამენ ხაზს, „თუმცა ვიზიტის შემდეგ მეეჭვება რამე შეიცვალოს“, ამბობს ის.
მისი თქმით, ლონდონში ასვლაზე მეტად მნიშნელოვანი, პრეზიდენტ ტრამპის მომდევნო ორი ვიზიტია.
პრეზიდენტ ტრამპის ბრიტანეთში ვიზიტიდან მალევე ბრიუსელში ნატოს სამიტი იგეგმება, 16 ივლისს კი ტრამპი რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს ჰელსინკიში შეხვდება.
Facebook Forum