ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაგვაიერი: კანონი დავიცავი, როცა ტრამპის მამხილებლის საჩივარი დავბლოკე


ეროვნული დაზვერვის მოქმედი დირექტორი, ჯოზეფ მაგვაიერი სენატის წინაშე წარსდგა. მან სენატორების შეკითხვაზე, თუ რატომ დაბლოკა ტრამპის მამხილებლის საჩივარი და რატომ არ გაასაჯაროვა ის, დირექტორმა უპასუხა, რომ მოქმედებდა კანონის მიხედვით.

მამხილებლის ეს საჩივარი გახდა, სწორედ მიზეზი პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოძიების პროცესის ოფიციალურად დასაწყებად.

სენატის სადაზვერვო კომიტეტს მაგვაიერმა უთხრა, რომ კანონის მიხედვით, მას არ ჰქონდა საჩივრის გამჟღავნების უფლება. ეროვნული დაზვერვის მოქმედმა დირექტორმა, რომელიც მოვალეობის შესრულებას სულ ერთი თვის წინ შეუდგა, კანონმდებლებთან განაცხადა, რომ ეს უპრეცენდეტო ფაქტია.

ჯოზეფ მაგვაიერის საჯარო მოსმენის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სენატმა მამხილებლის საჩივრის ტექსტი გამოაქვეყნა სადაც წერია:

"სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ამერიკის რამდენიმე ოფიციალური პირისგან მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის პრეზიდენტი იყენებს თავისი ოფისის უფლებამოსილებას უცხო ქვეყნის ჩარევის მოთხოვნით 2020 წლის აშშ-ის არჩევნებში."

საჩივარში ასევე ეწერა, რომ ამ პროცესში პრეზიდენტის პირადი იურისტი, რუდი ჯულიანი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობას იღებდა შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი უილიამ ბარიც. პრეზიდენტ ტრამპის მამხილებელ საიდუმლო საჩივარში ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ თეთრი სახლი ცდილობდა დაებლოკა ეს ინფორმაცია საჯაროდ გავრცელებისგან.

თავად პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კანონი არ დაურღვევია და ამის დასადასტურებლად, თეთრმა სახლმა ოთხშაბათს, ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ტექსტური ვერსია გამოაქვეყნა. საუბრიდან ჩანს, რომ ტრამპის მიმართ ბრალდებებს, შესაძლოა საფუძველი მართლაც ჰქონდეს.

საიდუმლო საჩივრის ავტორის ვინაობა ჯერჯერობით საზოგადოებისთვის უცნობი რჩება. კომენტარებისგან თავს იკავებს უკრაინის პრეზიდენტიც, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში იმყოფება. ზელენსკის თქმით, საუბრის დეტალები უკვე გამოქვეყნდა და მას არ სურს ჩაერიოს შეერთებული შტატების შიდა საქმეებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG