გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, პრეზიდენტი ტრამპი ზოგიერთი ქვეყნის მთავრობის მეთაურს პირისპირ ხვდება და სულ მცირე, ერთ დიპლომატიურ მიღებას და სადილს ესწრება, რომელსაც გაეროს გენერალური მდივანი მასპინძლობს.
ორშაბათს, ტრამპმა პირველი ოფიციალური კომენტარები გააკეთა ღონისძიებაზე, რომელსაც თვითონ და ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი უძღვებოდნენ. ღონისძიება ერქვა: „რელიგიური თავისუფლების დაცვის გლობალური მოწოდება გაეროში“.
გაეროს ორშაბათის კალენდრის ყველაზე მეტი ყურადღების მიმპყრობი ღონისძიება, კლიმატის შესახებ მოქმედების საკითხზე უმაღლესი დონის შეხვედრა იყო. პრეზიდენტმა ამ ღონისძიებაზე 15 წუთზე ნაკლები დაჰყო და სიტყვით არ გამოსულა. მან ინდოეთის პრემიერ-მინისტრის და გერმანიის კანცლერის მიმართვებს მოუსმინა და ჩილეს პრეზიდენტის გამოსვლის დროს წავიდა.
იმავე დღეს, ტრამპი პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ამ შეხვედრას ერთი დღით უსწრებდა ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონის სტადიონზე ინდოელ-ამერიკელების უზარმაზარი ჯგუფის წინაშე, ინდოეთის პრემიერ მოდისთან ერთად გამოჩენა, რაც აღქმული იქნა, როგორც ქაშმირთან მიმართებაში ინდოეთის პოზიციის მხარდაჭერა.
ამერიკის პრეზიდენტმა, ორ ქვეყანას შორის დიდხნიანი ტერიტორიული დავის გადაწყვეტის მცდელობის თავისი შეთავაზება, კიდევ ერთხელ გაიმეორა.
პრეზიდენტი ტრამპი სამხრეთ კორეის პრეზიდენტსაც შეხვდა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებული დაძაბულობის შესახებ ესაუბრა
მსოფლიოს ლიდერების დიდი ყურადღება ირანზეა გამახვილებული. შეერთებული შტატების და ირანის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ მათი ლიდერები გაეროს ამ კვირის ღონისძიებების დროს შეხვედრას არ აპირებენ, თუმცა ზოგიერთი დიპლომატი იმედს იტოვებს, რომ ომზე ლაპარაკის გაძლიერებასთან ერთად, შესაძლოა შეხვედრა მოხდეს, რათა ყინული ცოტათი მაინც გადნეს.
ორშაბათს ტრამპის მხრიდან გაისმა მცირე მინიშნება, როდესაც გაეროს შენობაში შესვლისას ჟურნალისტებს უთხრა: „გრძელი გზაა გასავლელი. ვნახოთ რა მოხდება.“
როგორც ჩანს, ამ საკითხზე საფრანგეთი აქტიურობს. ორშაბათ დილით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტრამპს არაოფიციალურად ესაუბრა და იმავე დღეს, ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან შეხვედრაც დაგეგმა.