სამშაბათს პაკისტანში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის ვიზიტი დაიწყო.
ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრისას ტილერსონმა ტრამპის ადმინისტრაციის მოწოდება კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომლის თანახმადაც, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას „თალიბანისა“ და ქვეყანაში არსებული სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ.
„ვფიქრობ, პაკისტანმა თვალი უნდა გაუსწოროს იმ რეალობას, რომ ქვეყნის შიგნით უსაფრთხოდ და თავისუფლად მოქმედებს არაერთი ტერორისტული ორგანიზაცია“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. ტილერსონის განმარტებითვე, ამერიკის ურთიერთობა პაკისტანთან დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ეს უკანასკნელი იმ მიზნისთვის, რომ პაკისტანსა და ავღანეთში მშვიდობა და სტაბილურობა დამყარდეს. ოფიციალური პაკისტანი აცხადებს, რომ თალიბანთან ბრძოლაში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა მის ქმედებებს მაინც ვერ აკონტროლებენ.
ტილერსონის აზიური ტურნე გუშინ ერაყში დაიწყო, სადაც ის ასევე ქვეყნის ლიდერებს შეხვდა.
Facebook Forum