ფლორიდის შტატის ქალაქ ჯექსონვილის მთავრობა აცხადებს, რომ კვირას სავაჭრო ცენტრში მომხდარ სროლას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცმა 10-ზე მეტი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ორი - სასიკვდილოდ, შემდეგ კი თავი მოიკლა.
სროლა მდინარის პირას მდებარე გასართობ ცენტრში მოხდა, სადაც არაერთი მაღაზია, რესტორანი თუ კაფეა განთავსებული. ჯექსონვილის შერიფი მაიკ უილიამსი ამბობს, რომ სროლის მომენტში პიცერიაში ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. სწორედ ეს რესტორანი მასპინძლობდა ფეხბურთის ვიდეო-თამაშის შეჯიბრს. შერიფის თქმით, გამოძიება ჯერ კიდევ ცდილობს იმის დადგენას, თუ რა გახდა თავდასხმის მოტივი.
ამ დროისთვის არსებული ცნობებით, შეიარაღებული პირი 24 წლის დევიდ კაცი იყო, რომელიც მერილენდში, ბალტიმორში ცხოვრობდა და მას ერთი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ამავე ცნობებით, თავად უილიამსიც ჯექსონვილში შეჯიბრის გამო იმყოფებოდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია იცნობდა თუ არა ის თავის მსხვერპლებს.
სროლის შედეგად საავადმყოფოში 11 ადამიანი მოხვდა. მათგან 9 ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, ორი კი სროლის შემდგომი არეულობისას დაშავდა.
Facebook Forum