ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამასის გვირაბები ღაზაში- მალული ფრონტი ისრაელისთვის


ისრაელი ღაზის სექტორში ბაზირებული დაჯგუფება "ჰამასის" წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. თუმცა, ისრაელის ჯარებს სახმელეთო ოპერაციის დროს, არა მხოლოდ მიწის ზემოთ მოუწევთ ბრძოლა. ღაზის სექტორში "ჰამასს" მიწისქვეშა გვირაბების მთელი ქსელი აქვს. ერთ-ერთი გათავისუფლებული ტყვე ამ გვირაბებს 80 მეტრის სიღრმის "ობობის ქსელს" უწოდებს.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით, პალესტინელ ისლამისტურ დაჯგუფებას ღაზაში მიწისქვეშ გვირაბების უზარმაზარი ქსელი აქვს, რომელთაც სხვადასხვა დანიშნულებებით იყნებებენ. ამ გვირაბებში ხდება იარაღის შენახვა, საჭირო მასალებისა და საკვების საწყობებში შენახვა, მტრის პოზიციებზე თავდასხმა, არალეგალური მასალების სექტორში შეტანა ა.შ

ამერიკული მხარე ამბობს, რომ მათი გათვლებით, ისრაელის ძალებს ურთულესი ამოცანა უდგათ წინ: მათთვის უპრეცედენტოდ რთული გამოწვევა იქნება "ჰამასის" მებრძოლების წინააღმდეგ ბრძოლა და იმ მძევლების სიცოცხლის შენარჩუნება, რომლებიც "ჰამასს", სავარაუდოდ, მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავს გამომწყვდეული.

ამერიკის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ერაყის 9-თვიანი ბრძოლა მოსულის დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლებისთვის უფრო ადვილი ოპერაცია იყო, ვიდრე ისრაელისთვის "ჰამასის" წინააღმდეგ ღაზაში ბრძოლა იქნება. ვაშინგტონს "ჰამასი" უცხოეთის ტერორისტული დაჯგუფებების სიაში 1997 წლის შემდეგ ჰყავს შეყვანილი.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა გვირაბების აღმოჩენაში, მათ მონიტორინგში და ე.წ "რკინის კედლის" ბარიერის" შექმნაში საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადო, მაინც არსებობს მოსაზრება, რომ "ჰამასს" აქვს ისეთი გვირაბები, რომლებზეც ინფორმაცია და ხელმისაწვდომობა ისრაელს არ გააჩნია.

2021 წელს, ისრაელთან მორიგი დაპირისპირების შემდეგ, "ჰამასის" ლიდერმა ღაზაში იეჰია ალ-სინვარმა თქვა: "ისინი ამბობენ, რომ "ჰამასის" გვირაბების 100 კილომეტრი გაანადგურეს. თუმცა, გვირაბები, რომლებიც ჩვენ ღაზაში გვაქვს 500 კილომეტრის სიგრძისაა. მათი ნათქვამი მართალიც რომ იყოს, ჩვენი გვირაბების მხოლოდ 20% აქვთ განადგურებული".

რეალურად რამხელაა ღაზის სექტორში არსებული გვირაბები, ან სად რა დანიშნულებით გამოიყენებიან ისინი, ბოლომდე არავინ იცის, "ჰამასის" გარდა. არსებობს ინფორმაცია, რომ თავად "ჰამასის" ლიდერი, ისრაელის სახმელეთო ოპერაციის მოლოდინში, ამ გვირაბებიდან ერთ-ერთში იმალება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG