28 ივლისს, გაეროს მიერ ლტოლვილთა შესახებ კონვენციის მიღებიდან 70 წელი შესრულდა.
1951 წელს მიღებული კონვენცია ისტორიული მრავალმხრივი შეთანხმებაა, რომელმაც ლტოლვოლთა უფლებები საერთაშორისო სამართლის საფუძველზე დაადგინა და მასპინძელ ქვეყნებს ლტოლვილთა დაცვის ვალდებულება დააკისრა.
შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტმა, გაეროში აშშ-ს ელჩ, ლინდა თომას-გრინფილდს უმასპინძლა, რომელმაც კონვენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ამ კონვენციამ 70 წელს გაუძლო და 70 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ყველაზე მოწყვლადი ადამიანებისთვის უფლებებს და დაცვას უზრუნველყოფდა. ვფიქრობ ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ და ვიზეიმოთ. ჩვენ ასევე უნდა ვაღიაროთ იმ ქვეყნების მნიშვნელოვანი როლი, რომლებმაც მილიონობით ლტოლვილს უმასპინძლეს, სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს და მათი დაცვა უზრუნველყვეს”, თქვა ელჩმა
კონვენციაში ასახულმა პრინციპებმა შექმნა პრეცედენტები ლტოლვილების უფლებების, რეპატრიაციის და გადასახლების შესახებ, რომელიც მნიშვნელობას დღესაც ინარჩუნებს, თუმცა, გლობალური ვითარების ცვლილებების პირობებში ეს პრინციპები მზარდი წნეხის ქვეშაა.
აშშ-ს მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ლიზ გრანდემ ელჩს ჰკითხა, საერთაშორისო საზოგადოებაში ახლა არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით, თუ შეგვიძლია მომავალში ლტოლვილების დასაცავად საჭირო თანამშრომლობის იმედი გვქონდეს და თუ ამის იმედი არ უნდა გვქონდეს, ის რით შეგვიძლა ჩავანაცვლოთ
ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა ამ კითხვას ასე უპასუხა:
“ვფიქრობ, მე პირადი ნაკლი მაქვს და ეს იმაში მდგომარეობს, რომ იმედს არასდროს ვკარგავ. ვმუშაობთ დაბრკოლებების გადასალახად. სირიის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით - საერთაშორისო საზოგადოება, უშიშროების საბჭო, თავდაპირველად ერთიან პოზიციაზე არ იყო. მოველოდით, რომ რუსეთი იმ რეზოლუციას ვეტოს დაადებდა, მაგრამ ერთობლივი მუშაობის გზა აღმოვაჩინეთ და ერთსულოვანი ხმის მიცემას მივაღწიეთ. არ მგონია ვინმე ფიქრობდა, რომ ეს მიღწევადი იყო. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამის მიღწევა შესაძლებელი იყო.”
ძალადობრივი კონფლიქტები და უსაფრთხოების არქონა, ადამიანების მიერ საცხოვრებელი ადგილების მასობრივად დატოვების კრიზისს აჩენს.
პანდემიამ ეს კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. იმავდროულად, კლიმატის ცვლილების გამო ადგილნაცვალი ადამიანების რიცხვმა 30 მილიონს მიაღწია.
ელჩმა თომას-გრინფილდმა თქვა, რომ კონვენცის ხელმომწერმა ყველა სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება უნდა შეასრულოს და იმ ქვეყნებს, რომლებიც ლტოლვილების დიდ რაოდენობას იღებენ, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვა აჭარბებს, სათანადო დახმარება უნდა გაეწიოს.
ელჩმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ლტოლვილების დიდ ნაკადებს იღებს და ქვეყანაში მათ დასახლებას უზრუნველყოფს. ამასთან ერთად, მთელ მსოფლიოში ლტოლვილების დახმარების საქმეში დიდი წვლილი შეაქვს. ელჩმა ასევე თქვა, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ პირობების აღმოფხვრაზე, რომელიც ადამიანებს საკუთარი სახლის დატოვებას აიძულებს. საჭიროა ადგილზე დახმარება და შეერთებული შტატები ამ მიმართულებით ბევრს აკეთებს.