ევროპაში ლტოლვილების პრობლემა ხელსაყრელ ვითარებას ქმნის დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსთვის. მათ საშუალება ეძლევათ თავშესაფრის მაძებარი ათასობით მიგრანტის რიგებში გაერიონ და ამით მოქმედების არეალი ევროპაში განავრცონ.
ტერორიზმის მკვლევარმა ორგანიზაციამ TRAC თემაზე სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ ევროპაში შემოპარული დაჯგუფების წევრების დაკავებამ შესაძლოა ევროპელი მუსლიმების რადიკალიზაცია გამოიწვიოს:
„ევროპის კავშირისთვის ეს დიდი გამოწვევაა, მან ოქროს შუალედი უნდა იპოვოს, სადაც ლტოლვილების შემოშვებისას ტერორიზმში ჩართული პირების გამოვლენა უნდა შეძლოს და თავიდან აირიდოს საზღვრების მთლიანი ჩაკეტვა,“ ნათქვამია განცხადებაში.
დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ ლტოლვილების კრიზისის ევროპაში შესასვლელად გამოყენებაზე არსებული შიშის მიუხედავად, აქამდე მხოლოდ 6 მსგავსი შემთხვევა იქნა გამოვლენილი.
ევროპის კავშირისთვის ეს დიდი გამოწვევაა, მან ოქროს შუალედი უნდა იპოვოს, სადაც ლტოლვილების შემოშვებისას ტერორიზმში ჩართული პირების გამოვლენა უნდა შეძლოს და თავიდან აირიდოს საზღვრების მთლიანი ჩაკეტვა.ორგანიზაცია TARC
დაჯგუფებასთან კავშირის ქონაში ეჭვმიტანილი 5 პირი 3 სექტემბერს მაკედონია-ბულგარეთის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს, როცა მათ მესაზღვრის და უსაფრთხოების ოფიცრის მოქრთამვა სცადეს. 9 სექტემბერს კი უნგრულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაჯგუფების კიდევ ერთმა წევრმა ქვეყნის საზღვარი გადალახა და გერმანიაში შევიდა. იმავე დღეს ბულგარეთის პოლიციამ გერმანული პასპორტის მქონე მაროკოელი ეჭვმიტანილი დააკავა და გერმანიის მთავრობას გადასცა.
უსაფრთხოების ევროპელი სპეციალისტების აზრით, რომლებსაც ამერიკის ხმა კონფიდენციალობის დაცვის პირობით ესაუბრა, დაბალი მონაცემები მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.
დაჯგუფების წევრის ევროპაში შემოსვლის პირველი შემთხვევა მაისში გამოვლინდა, როცა იტალიის პოლიციამ განაცხადა, რომ 18 მარტს ტუნისის მუზეუმში მომხდარ თავდასხმაში დახმარებისთვის მაროკოელი აბდელ მაჯიდ ტუილი დააკავა. იტალიის ანტიტერორისტული პოლიციის ცნობით ტუილი იტალიაში თებერვალში 90 მიგრანტთან ერთად ჩავიდა.
ამ დაკავებამ იტალიაში მღელვარება გამოიწვია, პარტია ჩრდილოეთის ლიგის ლიდერმა მატეო სალვინიმ იტალიის მთავრობას შენგენის ვიზის შეჩერებისკენ მოუწოდა. „ლიბიის დაზვერვის სამსახურები გვატყობინებენ, რომ გემებს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები მოყვებიან,“ განაცხადა სალვინიმ.
უსაფრთხოების ევროპელი სპეციალისტები შიშობენ, რომ ევროპაში დაჯგუფების მებრძოლები შეუმჩნევლადაც იქნებიან შესულები, განსაკუთრებით საფრთხეს კი ევროპაში დაბადებულ მებრძოლებში ხედავენ.
„ეს ხალხი კარგად იცნობს თავიანთ სამშობლოს, რაც მათ უფრო საშიშs ხდის. არ არის აუცილებელი ისინი ბევრნი იყვნენ, გაიხსენეთ რა ჩაიდინა სამმა ადამიანმა იანვარში“ ამბობს ერთ-ერთი ექსპერტი, რომელიც ტერორისტების ძალადობას შარლი ებდოს რედაქციაზე თავდასხმისას იხსენებს.
2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმის შემდეგ ჯიჰადისტმა ტერორისტებმა მეთოდები შეცვალეს, ევროპაში მათი სამიზნე უფრო პატარა ჯგუფები არიან, მთავრობას კი მსგავსი თავდასხმების თავიდან აცილება უჭირს. მარტო ბრიტანეთის მთავრობას სირიიდან ქვეყანაში დაბრუნებული 350-მდე მებრძოლი ჰყავს გამოსავლენი. იტალიის ანტი-ტერორიზმის პოლიცია რომში ტერორისტული ქსელის გამოვლენაზე მუშაობს, რომლის სამიზნეც დანარჩენ რომთან ერთად ვატიკანიცაა.