რამდენიმე ასეულმა მიგრანტმა კვლავ სცადა საფრანგეთში მდებარე ევროგვირაბის სატრანსპორტო ტერმინალში შესვლა. ისინი კონტინენტალური ევროპიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით გადაადგილდებიან. გვირაბი ჩრდილოეთ საფრანგეთს დიდ ბრიტანეთთან აკავშირებს.
მიგრანტების რაოდენობა ამჯერად შედარებით ნაკლები იყო. ორშაბათს იგივე მარშრუტის გავლა 2 ათასზე მეტმა ადამიანმა, სამშაბათს კი 1500-ზე მეტმა სცადა. ოთხშაბათს გვირაბში სულ ცოტა ერთი მათგანი დაიღუპა, რამაც ივნისის შემდეგ ჩრდილოეთ საფრანგეთიდან დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალი დაღუპული მიგრანტების რიცხვი 9-მდე გაზარდა. საფრანგეთმა გვირაბის უსაფრთხოების დაცვა 100 პოლიციელით გაზარდა.