ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არის თუ არა სირიაში სამოქალაქო ომი?


ანალიტიკოსები სამოქალაქო ომის კვალიფიკაციაზე მსჯელობენ


სირიაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის შეფმა ჰერვეს ლანდსოსმა განაცხადა, რომ სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მარგარეტ ბაშერი არკვევდა, ეთანხმებიან თუ არა ანალიტიკოსები ამ ტერმინს.
ლანდსოსის მსგავსად სირიაში შექმნილ ვითარებას სამოქალაქო ომის კვალიფიკაცია მისცა გაეროს სამშვიდობო დესპანმა კოფი ანანმაც.
„ძალადობის დონის და იქ მოქმედი პირების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამისკენ მივდივართ, თუ უკვე არ მივედით. ეს არის სამოქალაქო ომის სახე. ყველა ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რათა ეს არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან სამოქალაქო ომში და არ მოიცვას თავისი მეზობლები,“ - განაცხადა კოფი ანანმა.

„სამოქალაქო ომის გარდა, არ არსებობს სხვა სიტყვა რომელიც ამ ვითარებას მიესადაგება.“
ლორენ ფაბიუსი...


ოთხშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ სირია სამოქალაქო ომისკენ მიემართება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუსმა განაცხადა, რომ „სამოქალაქო ომის გარდა, არ არსებობს სხვა სიტყვა რომელიც ამ ვითარებას მიესადაგება.“
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი გარი სოლისი ამბობს, რომ სამოქალაქო ომის კვალიფიკაციის მიცემით უნდა ამოქმედდეს ჟენევის კონვენციის მესამე მუხლი, რომელიც ომის წარმოების წესებს აყალიბებს.
„მესამე მუხლი უზრუნველყოფს იმ ადამიანთა დაცვას, ვინც არ მონაწილეობს ბრძოლებში. მაგალითად, ჯარისკაცი, რომელიც დაიჭრა და ტყვედ ჩაიგდეს, ან თავისით ჩაბარდა; ეს ეხება სამოქალაქო პირებსაც და ყველა არა მებრძოლს ადამიანს. კონვენციის მესამე მუხლი უზრუნველყოფს მათთვის ელემენტარულ დაცვას და ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი. ამდენად თუ ვიტყვით, რომ სირიაში არის სამოქალაქო ომი, მაშინ უნდა ამოქმედდეს მესამე მუხლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო ომის მსხვერპლთათვის,“ - აცხადებს გარო სოლისი.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ, გაერომ და საერთაშორისო წითელმა ჯვარმა უნდა მიაღწიონ კონსენსუსს, რათა მოხდეს სამოქალაქო ომის კვალიფიკაციის მიცემა.
გაეროს უშიშროების საბჭოში როგორც ცნობილია სირიის შესახებ აზრი გაყოფილია. რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან სირიის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებას, მათ შორისი საერთაშორისო სანქციების დაწესებას. თუმცა, უშიშროების საბჭო ერთსულოვანია კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის მიმართ.
საერთაშორისო წითელი ჯვარი ეწინააღმდეგება სირიაში სამოქალაქო ომის ტერმინის გამოყენებას. ამის ნაცვლად წითელი ჯვარი სირიაში შექმნილ ვითარებას განმარტავს, როგორც „არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტს.“
„თუკი ავიღებთ მაგალითად ინტენსიურობას, ეს გულისხმობს საბრძოლო მეთოდებს და საშუალებებს, ეს გულისხმობს მსხვერპლს და გამოყენებულ იარაღს. და თუკი ჩვენ ვსაუბრობთ შეიარაღებული ჯგუფების ორგანიზაციაზე, ისმის შეკითხვა თუ რამდენი შეიარაღებული ჯგუფი მოქმედებს ქვეყანაში და რამდენ რეგიონზე ვრცელდება მათი ლიდერობა,“
აპრილში წითელმა ჯვარმა განსაზღვრა, რომ შეიარაღებული კონფლიქტი მხოლოდ სირიის გარკვეულ რაიონებში იყო და არა მთელ ქვეყანაში. ჰასანი ამბობს, რომ წითელმა ჯვარმა თავისი შეფასება ხელისუფლებასაც მიაწოდა და ოპოზიციასაც და ორთავეს შეახსენა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დაწესებული ვალდებულებები. ჰასანი ამბობს, რომ წითელ ჯვარს საშუალება ეძლევა შევიდეს ბრძოლებისგან დაზარალებლ ყველა რაიონში.
გაეროს მონაცემებით სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის შეტაკებების შედეგად 9 ათასი ადამიანია დაღუპული. შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს დაუყოვნებლივი გადადგომისკენ მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG