ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიასთან მოლაპარაკებებს რუსეთი ხელმძღვანელობს


რუსეთი უარყოფს ფრანგული ოფიციალური წყაროების ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დასავლეთი რუსეთის მეშვეობით პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან მოლაპარაკებას მის მიერ სირიის დატოვების შესახებ აწარმოებს. თუმცა, ფრანგულ რადიოში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა ამის შესახებ ღიად განაცხადა. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ მოსკოვი პრეზიდენტ ასადს საერთაშორისო მედიატორის, კოფი ანანის, შეერთებული შტატების, საფრანგეთის და რუსეთის სახელით ესაუბრება და ქვეყნის დატოვებას სთავაზობს.

ფაბიუსის განცხადებით, მოსკოვს სირიის პრეზიდენტთან პირადად საერთო არაფერი აქვს და კარგად იცის, რომ ის ტირანი და მკვლელია. მაგრამ ამავე დროს რუსეთი სირიის ყველაზე ერთგული საერთაშორისო პარტნიორია. ის დაინტერესებული მხარეა და მისთვის სულერთი არ არის, ასადის წასვლის შემთხვევაში ვინ გადაიბარებს სირიის მმართველობას.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, გარდამავალ პოსტ-ასადურ პერიოდში სირიაში ძალაუფლებას ოპოზიურ ლიდერებთან ერთად ასადის მთავრობის წევრებიც ჩაიბარებენ. ამ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ რუსეთი პრეზიდენტ ასადის მიერ სირიის დატოვების შესახებ არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს.

ფრანგული ტელეარხისთვის “საფრანგეთი-24“ მიცემულ ინტერვიუში ლავროვი აცხადებს, რომ მსგავსი მოლაპარაკებები არასოდეს გამართულა. მინისტრის თქმით, რუსეთი სირიაში რეჟიმის შეცვლის შესახებ საუბრების მონაწილე არასოდეს ყოფილა, არც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და არც რომელიმე სხვა პოლიტიკურ ინტერესთა ჯგუფების სახელით.
საერთაშორისო საზოგადოება ყველანაირად ცდილობს სირიაში მზარდი ძალადობა როგორმე შეაჩეროს და ქვეყანა სამშვიდობო რელსებზე გადაიყვანოს. საფრანგეთი სირიულ კრიზისს სამოქალაქო ომს უწოდებს, ტერმინს, რომელსაც სხვა ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები აშკარად თავს არიდებენ. ამ კვირაში კონფლიქტის ესკალაციამ პიკს მიაღწია და ამბოხებულებზე სამთავრობო შენაერთების უძლიერესი შეტევებით აღინიშნა.

ფრანგული საგარეო უწყების განცხადებით საფრანგეთი ამბოხებულთა იარაღით მომარაგებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან მიაჩნია, რომ იარაღი ბრძოლების კიდევ უფრო მეტ ესკალაციას გამოიწვევს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარიზი მათ საკომუნიკაციო ან რაიმე სხვა სახის დახმარებაზე უარს ეტყვის, აღნიშნავს ბატონი ფაბიუსი.
XS
SM
MD
LG