ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეწყვეტილი მისია


გაერო კოფი ანანის შემცვლელს ეძებს

ჯერ კიდევ ივნისის თვეში გაერთიანებული ერების და არაბთა ლიგის საგანგებო დესპანმა სირიაში, კოფი ანანმა განაცხადა, რომ კონფლიქტის შეჩერების მიზნით მისი ხელმძღვანელობით შემუშავებული ექვსპუნქტიანი გეგმა არ სრულდებოდა. დესპანმა სამშვიდობო პროცესის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა უწინარესად პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას დააკისრა. მოგვიანებით, გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის მიერ გაკეთებული განცხადებით, ანანმა მას და არაბთა ლიგას შეატყობინა, რომ აღარ აპირებს გაეროს მანდატის შესრულებას მას შემდეგ, რაც 31 აგვისტოს მისი ვადა ამოიწურება.

კოფი ანანის პოსტიდან გადადგომის შესახებ კომენტარი გაეროს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, საფრანგეთის ელჩმა, ჟერარ აროდმაც გააკეთა. მისი თქმით დესპანის მისია წარმოუდგენლად რთულია და თითქმის შეუსრულებელი, რადგან ნებისმიერ კანდიდატს სირიის საკითხებზე უშიშროების საბჭოში უკიდურესად დაპირისპირებული შეხედულებები დახვდება. ამას გარდა, სიტუაცია სირიაში თანდათან უფრო რთულდება და ჯერჯერობით გარდამავალი პოლიტიკური ეტაპის დადგომის ნიშნები არ ჩანს.

ეს ყოველივე სამშვიდობო მისიის განხორციელებას შეუძლებელს ხდის. ბატონი აროდის განცხადებით, მისთვის სავსებით გასაგებია, თუ რატომ არ სურთ სავარაუდო კანდიდატებს საგანგებო დესპანის პოსტის დაკავება. თუმცა, გაეროს უშიშროების საბჭოს მაინც იმედი აქვს, რომ სირიის რეალობა უკეთესობისკენ შეიცვლება და გაეროს უშიშროების საბჭო შეძლებს სამშვიდობო პროცესებში მიუკერძოებელი შუამავლის როლის შესრულებას.

„შესაძლოა დადგეს ისეთი მომენტი, როცა რეჟიმი გაიაზრებს, რომ ისინი ოპოზიციის დამარცხებას ვეღარ შეძლებენ და მოლაპარაკება აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს. და როცა ეს დრო მოვა, ვფიქრობ, რომ გაერო იქნება ერთადერთი არხი, რომლის მეშვეობითაც საერთო ენის გამონახვა და სამშვიდობო პროცესების დაწყება გახდება შესაძლებელი“ - განაცხადა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ.

ჟერარ აროდმა უშიშროების საბჭოს სახელით ბანგლადეშის მთავრობას გაეროს აფრიკული კავშირის სამშვიდობო მარშის დროს სუდანის დარფურის რეგიონში დაღუპული პოლიციელის გამო ოფიციალური სამძიმარი გამოუცხადა. ინციდენტში კიდევ ერთი პოლიციელი დაზარალდა, რომელიც ამჟამად ჭრილობებს მკურნალობს.

ბატონმა აროდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაეროს მხრიდან აფრიკული კავშირის ფართო მხარდაჭერა და დაპირისპირებულ მხარეებს დარფურში მისიასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. სუდანის მთავრობას კი ინციდენტის გულდასმით გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა მოსთხოვა.
XS
SM
MD
LG