ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ქალაქ გუტაში მშვიდობიანი მოსახლეობა ისევ ალყაშია


დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სირიიდან უმეტესად განდევნილია, მაგრამ ძალადობის და ნგრევის კოშმარი ქვეყნის ბევრ ნაწილში გრძელდება. მათ შორის - ქვეყნის აღმოსავლეთით, დამასკოს გარეუბანში მდებარე გუტაში, რომელსაც ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ.

გაეროს ცნობით, იქ 400 ათასი ადამიანი ალყაშია მოქცეული, მოწყვეტილია ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებას. იან ინგლანდმა, გაეროს უფროსმა მრჩეველმა სირიის საკითხებში, ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმ ბარიერების შედეგად, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების და სამედიცინო ევაკუაციის საშუალებას არ იძლევა, ბავშვები იღუპებიან. „დახმარება გვჭირდება ადგილობრივი წარმომადგენლებისგან, [სირიის] მთავრობისგან და ყველა ქვეყნისგან, რომელსაც გავლენა აქვს და ისე არ გვეხმარება, როგორც საჭიროა“ - თქვა მან.

სამწუხაროდ, სირიის მთავრობა მისი მოკავშირის, რუსეთის დახმარებით, პასუხისმგებელია აღმოსავლეთ გუტას დაპყრობაზე. ის მოიცავდა ეტაპობრივ დაბომბვას, რომლის სამიზნე იყო საავადმყოფოები, ბაზრები და სხვა სამოქალაქო პუნქტები.

იერიშები და გაგრძელებული ალყა დაგმო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰედერ ნაუერტმა.

„გამიზნული ტაქტიკა, რომელიც იწვევს სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილს, მათ შორის ქალების და ბავშვების; ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების დაბლოკვა; აღმოსავლეთ გუტაში საავადმყოფოების, სამედიცინო პერსონალის და საგანგებო დახმარების თანამშრომელთა დაბომბვა - ჩვენ ამას ძალიან შემაშფოთებლად აღვიქვამთ. სირიელი ბავშვების და ოჯახების სიცოცხლე პოლიტიკურ იარაღს არ წარმოადგენს და საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ სწრაფად დაგმოს ეს საშინელი ქმედებები“ - განაცხადა მან.

ჰედერ ნაუერტმა ასევე მოუწოდა რუსეთს „შეასრულოს საკუთარი მოვალეობები დეესკალაციის ზონაში და აღმოსავლეთ გუტაში შეწყვიტოს ყველა შემდგომი იერიში სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“.

„ასადის რეჟიმის მიერ ჩადენილი სასტიკი ქმედებები აჩვენებს საკუთარი ხალხის მიმართ ასადის აბსოლუტურ უპატივცემულობას და იმ ზღვარს, თუ სადამდე შეიძლება ის მივიდეს ძალაუფლებაზე კონტროლის შესანარჩუნებლად“ - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.

„მსგავსი ქმედებები“, ნაუერტის თქმით, „აშკარა დემონსტრირებაა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების პროცესის მხარდაჭერის საჭიროების, რომელიც გაეროს წინამძღოლობით ჟენევაში დაიწყო. იმ რეზოლუციის, რომელიც სირიელი ხალხის ნებას სცემს პატივს, ასევე უსვამს ხაზს შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომის სასწრაფო საჭიროებას და ჰუმანიტარული წვდომის თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 2 165-ე რეზოლუციის განახლებას“.

ეს იყო "ამერიკის ხმის" სარედაქციო წერილი, რომელიც აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას აფიქსირებს.

XS
SM
MD
LG